GE

იაკობ გოგებაშვილისეული დედაენის მაკეტის შექმნა სახელმწიფოს 12 ათასი ლარი დაუჯდება – ხმაური პარლამენტში

პარლამენტში, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დედაენის დაბრუნებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა, აზრთა სხვადასხვაობის გამო გადაიდო. საქართველოში მოღვაწე გამომცემლების ნაწილი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივით კონკრეტულ გამომცემლობას ლობირებენ.

დეპუტატების, მარიამ ჯაშის და ზაზა გაბუნიას კანონპროექტის თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, დედა ენის, ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის, იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი, საკანონმდებლო დონეზე იქნას დაცული, ასევე შეიქმნას სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძველი.

კანონპროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია და შესაბამისი ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადება და მისი გრიფირებაზე წარდგენა. სახელმძღვანელოს გრიფირება კი სპეციალური წესით უნდა მოხდეს.

ეს ბუნებრივია, ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, სამინისტრო უარს იტყვის ყველა სახელმძღვანელოზე, რომელიც გოგებაშვილის დედა ენის მიხედვითაა შედგენილი და გრიფი უკვე მინიჭებული აქვს.

საკომიტეტო განხილვის დაწყებამდე, პარლამენტში ბრიფინგი გამართეს სხვადასხვა გამომცემლობების წარმომადგენლებმა, ისინი ვარაუდობენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საინიციატივო ჯგუფ, „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების” სასარგებლოდ მიიღეს. მათივე თქმით, ეს საზოგადოება ლობირებს გამომცემლობა „დედაენას“, რომლის შედგენილმა სახელმძღვანელომაც  გრიფირება ვერ გაიარა.

„ვსაუბრობ ყველა იმ გამომცემლის სახელით, რომლებიც წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ გრიფირების კონკურსში. ბოლო კონკურსში, 2017 წელს, ბევრმა გამომცემლობამ მიიღო მონაწილეობა.  ექვსმა მათგანმა მიიღო გრიფი, აქედან სამი დამკვიდრდა საჯარო სკოლებში, დანარჩენი სამი კი, კერძო სკოლებში. გამომცემლებმა ურთულესი კონკურსი გაიარეს.  საინიციატივო ჯგუფი „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება” ცდილობს, მისი სახელმძღვანელო კონკურსის გარეშე მოხვდეს საჯარო სკოლებში, მათ ვერ გაიარეს კონკურსი, ვერ მიიღეს შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ახლა ცდილობენ, იაკობ გოგებაშვილის სახელს ამოფარებულმა მიიღონ ექსკლუზივი. გაუგებარია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კორუფციული გარიგება თუ რამე სხვა“, – აცხადებს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი, თინათინ მამულაშვილი.

საკითხის განხილვას კომიტეტის სხდომაზე ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა მოყვა. მომხსენებლები საუბრობდნენ დედაენის მნიშვნელობისა და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ. ოპოზიციის დეპუტატები და გამომცემლების ნაწილი კი აცხადებდა, რომ თუკი სამინისტროში უკვე არსებობს კომისია, რომელიც სახელმძღვანელოების გრიფირებას ახდენს, რაღა საჭიროა ახალი კომისიის შექმნა.

კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა მხოლოდ და მხოლოდ არამატერიალური კულტურული ძეგლის, დედაენის, დაცვის მიზნით და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს, მათ შორის გამომცემლებს, ექნებათ საშუალება თვალი ადევნონ ღია და გამჭვირვალე პროცესებს. მისივე განმარტებით, კენჭისყრა გადაიდება. მომდევნო კვირას კი მოხდება შეხვედრა სამუშაო ფორმატში, რომ პოზიციები შეჯერდეს და საკითხი კენჭისყრაზე მხოლოდ ამის შემდეგ გავა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ის ძალაში შევა, იაკობ გოგებაშვილის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ახალი დედაენის მაკეტის შექმნა, ბიუჯეტს 12 000 ლარი დაუჯდება.

„ექსპერტთა კომისიაში წევრები წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხარჯების დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული წიგნის მომზადება გრიფირებისთვის წინასწარი გათვლებით დაჯდება 12 000 ლარი რაც მოიცავს როგორც ექსპერტთა ანაზღაურებას, ასევე დაკაბადონებას, მხატვრობას და ა.შ. ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშაოს წიგნი“, – ვკითხულობთ  კანონპროექტის განმარტებით  ბარათში.

დეპუტატი: კანონპროექტი ამბობს, რომ „დედაენა“ აუცილებლად უნდა იყოს ფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეში. მორჩა!

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური