GE

“იბსუ არის ვეროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტი, რის გამოც საზღვარგარეთ სწავლა გამიადვილდა” – სტუდენტი

ლიკა კაცაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა. მისი თქმით, საზღვარგარეთ სწავლა მისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან ის უკვე სწავლობდა ევროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტში – იბსუ-ში. როგორი იყო ლიტვაში გატარებული სემესტრი, რა გამოცდილება მიიღო ლიკამ და რას ურჩევს ის მომავალ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, მისი საუბრიდან შეიტყობთ.

,,ძალიან რთულია სათანადო სიტყვები გამოვნახო ყველაფრის გადმოსაცემად, რაც ახლა ჩემს თავში ტრიალებს, თუმცა შევეცდები მარტივი და აღქმადი იყოს ჩემი ემოციები. მეორე კურსის მეორე სემესტრი გავატარეთ ლიტვაში, შაულაის უნივერსიტეტში. უკვე იწურება ჩვენი აქ ყოფნის დრო და ყველანი შევნატრით იმ დღეს როცა აქ წამოსვლის შესახებ გავიგეთ. თითქოს ისევ გვინდა ხელახლა გვქონდეს გასავლელი ეს 4 თვე.

კარგად მახსოვს თითოეული ეტაპი – საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრის დაწყებიდან, აქ წამოსვლის შესახებ გაგებამდე. იბსუ-ც ხომ სწორედ გაცვლითის გამო გახდა ჩემი პრიორიტეტი აბიტურიენტობისას, თავიდანვე ვფიქრობდი, რამდენად დიდი პერსპექტივა და შესაძლებლობა იქნებოდა, თუნდაც რამდენიმე თვის საზღვარგარეთ, უცხო გარემოში გატარება. ახლა კი, აშკარა შედეგი მაქვს სახეზე. მარტივი შესამჩნევია რამდენად გაზრდილები ვუბრუნდებით საქართველოს.

ქალაქი არ არის ძალიან დიდი შესაბამისად არც უნივერსიტეტი, მაგრამ ყველანაირად აღჭურვილი. არ შემიძლია რაიმე ვთქვა განსაკუთრებული, რაც ჩემი უნივერსიტეტისგან ძალიან განასხვავებდა სტანდარტებით სწავლების პროცესს. ჩვენ უკვე ჩამოვედით აქ ევროპული სტანდარტების მქონე უნივერსიტეტიდან ასე რომ ყველაფერი ძალიან მარტივად მისაღები და შესაგუებელი აღმოჩნდა ჩვენთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცვლით პროგრამას სამი უდიდესი დადებითი მხარე აქვს: პირველი ის, რომ დამოუკიდებლად ცხოვრების სულ სხვა ეტაპზე გადადიხარ, ასე შორს ყველასგან და ყველაფრისგან როცა სრულიად დამოუკიდებლად გიწევს გადაწყვეტილებების მიღება საოცრად გეხმარება განვითარებაში. ალბათ, სხვა ვერცერთ შემთხვევაში მექნებოდა შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან ამდენი დრო გამეტარებინა და მეგობრები შემეძინა, აზრები, გამოცდილებები გაგვეცვალა და რაც მთავარია განათლება, რაც უნივერსიტეტში სწავლისას და თითოეულ, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანთან ურთიერთობისას მივიღეთ. ასეთ დროს უბრალოდ ხვდები, რომ თითოეული პატარა დეტალი და შემთხვევა შენში უდიდეს ცვლილებასა და გამოცდილებას ქმნის. უამრავი სირთულის მიუხედავად, რაც ცხოვრების ყოველ ეტაპს ახლავს, ეს დღეები ფასდაუდებელია თავისი შედეგით, რაც ჩვენს პიროვნულ განვითარებაში გამოიხატა.

შანსი გვქონდა გვემოგზაურა რამდენიმე ქვეყანაში და თითოეული ახალი ადგილის ნახვა ისე აფართოებს და აფართოებს თვალსაწიერს და ადამიანის აზროვნების საზღვრებს, ბევრი რამის გადაფასებასა და სხვა თვალით დანახვას იწყებ.

ძალიან ძნელია ყველაფრის თქმა და მით უმეტეს ასე წერილობით გადმოცემა, იმის რაც რეალურად მაქვს სათქმელი ამ დროის შესახებ. ასევე, ძალიან რთულია შენ მიერ განცდილი სხვისთვისაც აღქმადი და ღირებული გახადო წაკითხვისას, მაგრამ რაც თამამად შემიძლია ვთქვა და ვურჩიო სტუდენტებს, რომლებსაც ეს შანსი არ გამოუყენებიათ არის ის, რომ არაფრის გამო არ უნდა თქვან უარი ამ შესაძლებლობაზე, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი იძლევა. არცერთი წუთით არ უნდა იყოყმანონ გადაწყვეტილების მიღებისას. კი თავიდან ძალიან რთულია ახალ გარემოსთან,ხალხთან და საერთოდ ყველაფერთან შეგუება მაგრამ შედეგი ყველაფერს ფარავს, ყველა ნერვიულობას, განცდას თუ გავლილ სირთულეებს.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური