GE

IBSU კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ სამ გამარჯვებულს, კომპანიას ჯეოსელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანიას დიო ჯილდო გადასცა.

ღონისძიება გახსნეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შემდეგი მიღწევისთვის გადაეცა: აქტიურად უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას და ქალების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში. დასაქმებაში გათვალისწინებულია გენდერული ბალანსი და 30 აკადემიური თანამდებობა ქალს უკავია, ხუთი ფაკულტეტიდან ოთხს ქალი ხელმძღვანელობს.

თანამშრომლებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველი ქალების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტების სწავლას. დასაქმების პოლიტიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ზღუდავს სამუშაოს მაძიებლების სქესს, ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს. ოჯახური ვალდებულებების მქონე და ორსული ქალები მეტი შეღავათებით სარგებლობენ, სახელფასო პოლიტიკა თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის კონკურსი წელს მეორედ განხორციელდა და მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედმა 33-მა კომპანიამ მიიღო. კონკურსი მიზნად ისახავს იმ კომპანიების გამოვლენას, რომლებიც ხელს უწყობს ქალებს, მიიღონ განათლება და მოახდინონ შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.

კონკურსი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპატქტის მიერ შემუშავებული ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზების მიზნით. კერძოდ, აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს მეოთხე პრინციპს – ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის. აღნიშნული პრინციპი პასუხობს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ძირითად ამოცანას – უზრუნველყოს ქალები თანაბარი შესაძლებლობებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური