GE

„IBSU მსოფლიო სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რითაც სტუდენტებს სწავლას უმარტივებს“ – სტუდენტი

იბსუ-ს კურსდამთავრებულმა მარიამ გორდელაძემ, საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამაზე, კორვინუსის ბუდაპეშტის უნივერსიტეტში დაფინანსება მოიპოვა და სწავლას იქ განაგრძობს. როგორი იყო მარიამის გზა იბსუ-დან კორვინუსის ბუდაპეშტის უნივერსიტეტამდე თავად გიამბობთ.

”სექტემბრიდან სწავლას გავაგრძელებ უნგრეთში, კორვინუსის ბუდაპეშტის უნივერსიტეტში. ამის შესაძლებლობა კი უნგრეთის მთავრობის სტიპენდიამ (“Stipendium Hungaricum”) მომცა. პროგრამის პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან – ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან – სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი.

აპლიკაციაზე მუშაობა ჯერ კიდევ იანვარში დავიწყე და საკმაოდ გრძელი გზა გავიარე. საქართველოში კონკურსის (საბუთების გადარჩევა და ინტერვიუები) შედეგად სასტიპენდიო პროგრამის საერთაშორისო საკონკურსო კომისიის მიერ 50 გამარჯვებული კონკურსანტი (გრანტზე ნომინირებული) გამოვლინდა, მათ შორის მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველი მხოლოდ 25. აპლიკანტების სია ცენტრმა წარუდგინა ტემპუსის საზოგადოებრივ ფონდს, რომელმაც დაგვაკავშირა ჩვენ მიერ წინასწარ შერჩეულ უნივერსიტეტებთან. შეგვეძლო პრიორიტეტის მიხედვით სამი პროგრამა/უნივერსიტეტი დაგვეწერა, ასე შანსებიც უფრო იზრდებოდა და სანერვიულოც უფრო ნაკლები იყო. მაგრამ, მე ალბათ იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი ვიყავი, ვინც მხოლოდ ერთი პროგრამა დაწერა – საჯარო პოლიტიკა და მენეჯმენტი, კორვინუსის ბუდაპეშტის უნივერსიტეტში, იმიტომ, რომ სწორედ ამ მიმართულებით მსურს ჩემი პროფესიის შემდგომი გაგრძელება.

მას შემდეგ, რაც ქართულმა მხარემ ამარჩია, ახლა უკვე უნივერსიტეტი დამიკავშირდა, მქონდა ურთულესი დავალება დასაწერი, რისთვისაც 24 საათი მომცეს, ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ კი Skype ინტერვიუ ჩატარდა, რომელიც აპლიკანტის ენობრივ შესაძლებლობებს აფასებდა, შესაბამისად, აღარ დამჭირდა ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა. ბოლოს საბოლოო ჩარიცხვის წერილიც მივიღე.

ამ დაფინანსების მოპოვებაში დამეხმარა მაღალი აკადემიური მოსწრება (CGPA 3.97/4.00-დან), კარგად შედგენილი სამოტივაციო წერილი, რეკომენდატორების დადებითი დახასიათება და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, რომელიც ფასდაუდებელია.

უნგრეთში ვისწავლი სრულიად უფასოდ, მექნება ყოველთვიური სტიპენდია და უზრუნველყოფილი ვიქნები საცხოვრებლით. საგულისხმოა, რომ IBSU-ში 4 წლის განმავლობაში ვისწავლე უფასოდ და თითქმის 19 ათასი ლარი არ გადამიხდია და მაგისტრატურაზეც რომ არაფერს გადავიხდი კიდევ უფრო სასიხარულოა ჩემთვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე, მომენიჭა საჯარო მმართველობის ბაკალავრის ხარისხი, მომავალი საჯარო მოხელისთვის კი რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ისწავლოს შეზღუდული რესურსების პირობებში სწორი გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა უნგრეთში, რომლის მეშვეობითაც სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოს დავუბრუნდები ეკონომიკის მაგისტრის ხარისხით საჯარო პოლიტიკასა და მენეჯმენტში. აღნიშვნას საჭიროებს ის, რომ საგნების ჩამონათვალი დიდწილად ემთხვევა IBSU-ში გავლილ საგნებს, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მსოფლიო სტანდარტებით ხელმძღვანელობს და სტუდენტებს მომდევნო საფეხურებზე სწავლას უმარტივებს.

ძალიან კმაყოფილი ვარ, იმით, რომ ასეთი დახვეწილია ჩვენი სასწავლო პროგრამა, ასეთი პროფესიონალი ლექტორები გვასწავლიდნენ და ასეთი გულისხმიერი ადამიანები მუშაობენ ადმინისტრაციაში”, – აღნიშნა მარიამმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური