GE

IBSU-ს სტუდენტები გაცვლით პროგრამაში მონაწილების გარდა უცხოეთში საქმდებიან

გურამ ხატიაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია. მან სწავლის პროცესშო ორჯერ მოახერხა გაცვლითი პროგრამით უცხოეთში წასვლა. რა შესაძლებლობები მისცა და რაში დაეხმარა მას უნივერსიტეტი, ამაზე თავად გიამბობთ.

’’გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების საშუალება წელს უკვე მეორედ მომეცა, მანამდე ვიმყოფებოდი 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში ლატვიაში, რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში. წელს კი უკვე გერმანიაში, ქალაქ ქემნიცში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. ორივე სემესტრი თავისებურად გამორჩეული იყო, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო პროდუქტიული გამოდგა.

განსხვავებით რიგისა, ამ სემესტრში უნივერსიტეტში ლექციები არ მქონია, რადგან ვიმყოფებოდი გერმანულ IT კომპანია community4you AG-ში სტაჟირების გასავლელად, რომელიც წარმატებით დავასრულე და მივიღე ნახევარგანაკვეთზე მუშაობის შემოთავაზება კომპანიის ადმინისტრაციისგან. მომავალ წელს ვბრუნდები უკვე ქემნიცის ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურის გასავლელად და C4U-ში სამუშაოდ.

გერმანიასთან კავშირის დამყარება ყოველთვის იყო ჩემი სურვილი და ამის შესრულებაში IBSU-ს კავშირებმა დიდი წვლილი შეიტანა. გერმანულ ენასაც სკოლაშივე ვსწავლობდი და მიღებული ცოდნა და ენის სერტიფიკატიც ძალიან დამეხმარა. აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეების შერჩევისათვის წინა წელს იყვნენ IBSU-ში ჩამოსული გერმანელი პროფესორები, რომელთაც ჩაგვიტარეს ერთ კვირიანი ტრენინგი და მის ბოლოს წარვადგინე ჩემი პროექტი- აღნიშნულ ტრენინგზე შესწავლილი ტექნოლოგიების გამოყენებით (Unity3D, C# scripting) შექმნილი პატარა თამაში, რამაც მოწონება დაიმსახურა და გაცვლით პროგრამისთვის შემარჩიეს.

Erasmus+ -ის სტიპენდიით სტუდენტს აქვს საშუალება თავისუფლად დაფაროს ცხოვრების ხარჯები და ამასთანავე დარჩეს დამატებითი თანხაც, რომელიც პირადად მე მოგზაურობაში გამოვიყენე და მოვინახულე ევროპის 7 ქვეყნის 12 ქალაქი. გაცვლითი პროგრამების კიდევ ერთი დადებითი მხარე არის, ახალი კონტაქტები და მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრებისას შევიძინე უამრავი მეგობარი მთელი მსოფლიოდან. ამასთანავე, შენ შეგიძლია გამოსცადო და გაიგო საკუთარი შესაძლებლობების ლიმიტი, რადგან მარტო და დამოუკიდებლად ცხოვრებისას სრულიად უცხო ქვეყანაში შეხვდები უამრავ გამოწვევას, რომლის გამკლავებაც მარტო მოგიწევს“ – აღნიშნა გურამ ხატიაშვილმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური