GE

„IBSU თავისუფლად უწევს კონკურენციას ევროპის უნივერსიტეტებს“ – სტუდენტი ანა ჩადუნელი

ანა ჩადუნელი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამა ამერიკისმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტია. როგორც თავად ამბობს, იბსუ არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, არამედ თავისუფლად უწევს კონკურენციას ევროპის უნივერსიტეტებსაც თავისი განათლების ხარისხითა და მულტიკულტურული გარემოთი. რატომ არის ანასთვის IBSU გამორჩეული უნივერსიტეტი და რატომ ფიქრობს რომ ეს უმაღლესის სასწავლებელი იმედებს არასდროს გაგიცრუებთ? – ამას თავდ გიამბობთ.

„ჯერ კიდევ მე-10 კლასში დავიწყე ფიქრი, სად შეიძლებოდა გამეგრძელებინა სწავლა სკოლის დამთავრების შემდეგ, რომელ უნივერსიტეტში შევძლებდი მიმეღო ისეთი განათლება, რომლითაც რამდენიმე წლის შემდეგ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც თავისუფლად დავიმკვიდრებდი თავს და ბევრი ყოყმანის გარეშე მივედი იმ დასკვნამდე, რომ IBSU იყო ზუსტად ის სასწავლო დაწესებულება, რომლის მეშვეობითაც ჩემთვის ყველა საზღვარი უპრობლემოდ გაიხსნებოდა. ყველაზე მეტად მოვიხიბლე მისი გაცვლითი პროგრამებითა და საგრანტო შეთავაზებებით.

მე-11 კლასიდან დანამდვილებით გადავწყვიტე ამერიკისმცოდნეობაზე ჩაბარება და ყველაფერთან ერთად უზომოდ მახალისებდა ის ფაქტი, რომ ჩემს მომავალ პროფესიას ინგლისურად დავეუფლებოდი. არაერთხელ მივსულვარ ღია კარის დღეზე და ვხვდებოდი, IBSU ჩემთვის ბევრად მეტი იყო ვიდრე მხოლოდ უნივერსიტეტი. ასე გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი და ვსარგებლობ ორი გრანტით, რისი მეშვეობითაც მეძლევა საშუალება მიზერული თანხის სანაცვლოდ მივიღო საერთაშორისო განათლება.

IBSU იმედებს არასდროს გიცრუებს და ყოველთვის გაძლევს იმას, რაც გულით გსურს. ასეც მოხდა, პირველი კურსის მეორე სემესტრში რამდენიმე სტუდენტმა მივიღეთ შემოთავაზება, მომდევნო სემესტრში სრულიად უფასოდ გვესწავლა სეგედის უნივერსიტეტში, რომელიც ცენტრალურ ევროპაში ერთ-ერთი წამყვანია. ეს სემესტრი დატვირთული იყო ახალი გამოწვევებით, მოგვიწია რამდენიმე თვეში შევგუებოდით ჩვენი უნივერსიტეტისგან სრულიად განსხვავებულ გარემოსა და სწავლის სისტემას.

არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა მინიმუმ 50 სტუდენტთან ერთად დავსწრებოდით ლექციებს მაშინ, როცა IBSU-ში სტუდენტების რაოდენობა თითქმის ნახევარია და ლექტორს თავისუფლად ეძლევა საშუალება ინდივიდუალურად იმუშაოს თითოეულ სტუდენტთან, მიუთითოს შეცდომებზე და მისცეს სათანადო რჩევები მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინიციატივით. ამ რამდენიმე თვემ ნათლად დამანახა რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, არამედ თავისუფლად უწევს კონკურენციას ევროპის უნივერსიტეტებსაც თავისი განათლების ხარისხითა და მულტიკულტურული გარემოთი.

ვთვლი, რომ უნგრეთში ყოფნით ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო 5 თვე გავატარე, მივიღე უდიდესი გამოცდილება, შევიძინე უამრავი უცხოელი მეგობარი, უკეთესად გავაცნობიერე სიტყვა „დამოუკიდებლობის“ მნიშვნელობა და ვხვდები რომ სამშობლოში სრულიად სხვა ადამიანი დავბრუნდი. დარწმუნებული ვარ, იქ გატარებული პერიოდი კიდევ უფრო მეტად დამეხმარება კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში“, – აღნიშნა ანა ჩადუნელმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური