GE

„იცით, მასწავლებლებში პროფესიონალების რამხელა დეფიციტია და რამხელა აღზრდა დაგვჭირდება“

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში პოლიტიკურ საკითხებთან ერთად განათლების თემებსაც შეეხო. მან განათლების დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 25% განათლებას მოხმარდება. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების პრობლემაზე საუბრისას მასწავლებლებიც ახსენა და განაცხადა რომ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო.

„ადამიანების სიმწირე არის ყველა დარგში დღეს რაც არ უნდა ნახოთ საქართველოში,  არსად პროფესიონალები არ გვყოფნის, შემდუღებლებიც კი აღარ გვყოფნის დღეს რომ იცოდეთ მშენებლობაში. მასწავლებლებში იცით რამხელა დეფიციტია და რამხელა აღზრდა დაგვჭირდება მასწავლებლების და რამხელა რეფორმას ვაკეთებთ. ყველა მიმართულებით ყველა დარგში ჩვენ გვაქვს დეფიციტი პროფესიონალების“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ლიდერი პროფესიული განათლების თემასაც შეეხო, მისი თქმით პროფესიული სასწავლებლები ყველა კუთხეში გაიხსნება და იქ მომზადებული კადრები უცხოეთში ლეგალურად იმუშავებენ.

“თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ქვეყნებთან, გერმანია, საფრანგეთი და სხვა განვითარებული ქვეყნები, გადავამზადებთ პროფესიებს აქ, ჩვენს სასწავლებლებში უფასოდ და რაც სჭირდებათ ზუსტად, მინიმალური ენაც ორ-სამ თვეში და მივავლენთ სამუშაოდ… რეალობა ესაა, ორ მილიონ სამუშაო ადგილს ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში ვერანაირი ეკონომიკა საქართველოში ვერ შექმნის, ამიტომ, სპეკულაციებს თავი უნდა დავანებოთ და ხალხს ღირსება დავუბრუნოთ. რეალური გამოსავალი ეს არის. ჩვენ თუ ამას მოვახერხებთ, შედარებით ღარიბ, დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში გახიზნული ჩვენი თანამოქალაქეები შეიძლება შემობრუნდნენ, ლეგალურად პასპორტები განაახლონ და უფრო მაღალანაზღაურებად ქვეყნებში წავიდნენ და დასაქმდნენ. მე ვფიქრობ, 2-3 წელიწადში, გარანტიებს ვერ ვიძლევი ამაზე, მაგრამ აბსოლუტურად რეალურია, ჩვენ ძირითადად მივიღოთ ბალანსი, ვისაც სად უნდა იქ იმუშაოს, მაგრამ იმუშაოს ღირსეულად… დაახლოებით ისე, როგორც ზემო იმერლები, ჩვენ ღარიბი მიწები გვქონდა, ზამთარში მივდიოდით და გურიაში და სამეგრელოში ვმუშაობდით. იცით, რაჭველები და სვანები ჩამოდიოდნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ თავმოყვარეობაშელახული ხალხი. აი, დაახლოებით ეს რომ მოვახერხოთ, ამის გამოყენება მოგვიწევს რამდენიმე ათეული წელიწადი, შემდეგ ბალანსი დადგება, ქართველი სამშობლოს დაუბრუნდება… ეკონომიკა ვისაც ესმის, ორ მილიონ სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები სჭირდება, მაგრამ შეიძლება, რომ 2-3 წელიწადში ყველა ჩვენი მოქალაქე, ვისაც უნდა მუშაობა, ყველა დასაქმდეს ღირსეულად. ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი იმუშავებს ქუთაისში. ეს თუ გადავტეხეთ, თუ 2-3 წელიწადში ეს მოხერხდა, მთლიანად ღირსება შეიძლება აღვუდგინოთ ქვეყანას”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური