GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო სკოლებში ტექნოლოგიური კლუბების შექმნა იწყებს

საჯარო სკოლებში, უფროსკლასელებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ინოვაციური კომპიუტერული პროგრამების შესწავლის შესაძლებლობა მიეცემათ. ამ შეთავაზებას ითვალისწინებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება.

პროექტის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში შედგა. ახალი ინიციატივის ფარგლებში დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში 100 სკოლასა და პროფესიულ სასწავლებელში ტექნოლოგიური კლუბები შეიქმნება. საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეგისტრაცია ახლო მომავალში გამოცხადდება.

“პროექტი ხორციელდება ევროკავშირის გრანტის ფარგლებში “უნარები დასაქმებისთვის”, მისი მიზანია საქართველოში შეიქმნას ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი,რომელშიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩაერთვებიან 90 სკოლა და 10 პროფესიული სასწავლებელი. ამ ტიპის კლუბები ძალიან მნიშვნელოვანია არაფორმალური ტექნოლოგიური განათლების საფუძვლის შექმნისთვის, ის მისცემს ახალგაზრდებს უნარებს, რაც მომავალში დასაქმებისთვის წაადგებათ. ჩართულები იქნებიან 15 -დან 25-წლამდე ახალგაზრდები, ისინი შეისწავლიან დაპროგრამებას პითონზე, მონაცემთა ბაზების ვიზუალიზაციას და ანალიზს, ტექნოლოგიურ მეწარმეობას, სამომხმარებლო ინტერფეისს და დიზაინს და მსგავს ტექნოლოგიურ პროგრამებს. გარდა ამისა, შეიქმნება დიდი ვებ პლატფორმა, სადაც ამ კურსების მასალები იქნება განთავსებული. ამ პლატფორმის საშუალებით ასევე შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიურ კომპანიებთან და მენტორებთან დაკავშირება. ამ რესურსებით სარგებლობას სხვა სკოლებიც შეძლებენ”,- აცხადებს ილიაუნის ვიცე რექტორი (ინოვაციების და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით) ნანა დიხამინჯია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელ ავთანდილ კასრაძის თქმით, სააგენტო პროექტის ფარგლებში ჩართულ კლუბებს დაეხმარება როგორც ფინანსურად, ასევე საკუთარი რეგიონული ქსელის მეშვეობით.

“ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია განვახორციელეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია ქვეყნის მომავლის და ტექნოლოგიურ განვითარებაში. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ საქართველოში 100 სასწავლო დაწესებულებას მოვიცავთ და მათ შევთავაზებთ თანამედროვე, ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ცოდნის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ამ პროექტის დაფინანსებისთვის და რაც მთავარია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს,რომლის უშუალო ინიციატივით და ავტორობით ხორციელდება ეს პროექტი. ჩვენ მოვახდენთ ფინანსურ მხარდაჭერასაც და ასევე ჩვენი ყველა რეგიონული ტექნოპარკი, ბათუმში,ზუგდიდსა თუ სხვა ქალაქებში ჩართული იქნება ამ პროექტის განხორციელებაში“,- აცხადებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 2021 წელს, მოხდება 25 სკოლის შერჩევა, რეგისტრაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოაცხადებს. კლუბების ჩამოყალიბება სკოლებში უკვე არსებული კომპიუტერული ცენტრების ბაზაზე მოხდება.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდთან (IEF) თანამშრომლობით ხორციელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური