GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები სტუდენტებს განცხადებით მიმართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები სტუდენტებს განცხადებით მიმართავენ. მათი თხოვნაა, ახალგაზრდებმა შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან.

“გუშინ გავრცელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფის განცხადება, რომ ისინი, მათი ულტიმატუმების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აპირებენ, დაიწყონ შიმშილობა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილს იმის თაობაზე, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში კომუნიკაციის პროცესმა ასეთი რადიკალური სახე მიიღო.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას სათავე დაუდო ბატონი გიორგი ქადაგიძის მიერ ულტიმატუმების ენით საუბარმა. ჩვენთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია ნებისმიერი მიზნით ახალგაზრდების ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება.

მივიჩნევთ, რომ პროცესების ასეთი რადიკალიზაცია პირდაპირ არის მიმართული უნივერსიტეტის თავისუფალი და პლურალური სივრცის, მისი ავტონომიის ხელყოფისკენ და აფერხებს ინსტიტუციური განვითარების პროცესებს.

ვთავაზობთ სტუდენტებს, შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელიც ითანამშრომლებს უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებთან, აკადემიურ პერსონალთან, ადმინისტრაციასთან, რათა გამოვიყენოთ ყველა რესურსი ამ კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსასვლელად.

ვფიქრობთ, რომ სტუდენტების ყველა შემოთავაზება განხილულ უნდა იქნეს სადისკუსიო წინადადებების ფორმით, რათა სამუშაო პროცესის შედეგად უნივერსიტეტმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას განვითარების გზაზე”, – ნათვქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების განცხადებაში.

განცხადებას ხელს ილიაუნის ლექტორები აწერენ. განცხადების სრულად სანახავად იხილეთ ბმული.

შეგახსენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტის ბიზნე სსკოლის სტუდენტები უნივერსიტეტში დაგეგმილ რეორგანიზაციას და დეკანის თანამდებობიდან გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური