GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და HR Hub-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

29 აპრილს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და HR Hub-ს შორის. თანამშრომლობა გულისხმობს ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას.

HR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსი.

2021 წლის მაისსა და ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და HR Hub-ისა და StudentJob.ge მხარდაჭერით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის ყოველწლიური დასაქმების ფორუმი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სტუდენტებისთვის ათეულობით პროფილური დასაქმების ფორუმისა და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების – ვორკშოპებისა და ეიჩარის ხელმძღვანელებთან შეხვედრების ჩატარება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და ეიჩარ ჰაბის დირექტორმა ანა ნავდარაშვილმა.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმს, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე მათი ჩართვა იმ პროცესებში, რომლებმაც ისინი დასაქმებამდე და საინტერესო სამუშაომდე უნდა მიიყვანოს. წელს ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორუმს მთლიანად ონლაინ წარვმართავთ, გვაქვს სიახლე: HR ჰაბთან ერთად ვიწყებთ თანამშრომლობას, რათა უფრო მეტი ვაკანსია იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი სტუდენტებისათვის, ასევე ერთად დავგეგმოთ აქტივობები, რომლებიც მათთვის ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას გახსნის სწორედ დასაქმებისა და ბაზარზე საკუთარი თავის მონახვის კუთხით“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რექტორმა გიგა ზედანიამ.

„დღეს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს HR ჰაბსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ამ მემორანდუმის საფუძველზე ჩვენ ერთობლივად დავგეგმავთ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა აქტივობას და ვეცდებით, მათ გავუმარტივოთ სამსახურის ძიების პროცესი, სტუდენტებისთვის ერთობლივად შევქმნათ ახალი შესაძლებლობები დასაქმების კუთხით“, – განაცხადა ეიჩარ ჰაბის დირექტორმა ანა ნავდარაშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური