GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა გაიხსნა

11 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე,  აშშ-ის  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკის გახსნა მნიშვნელოვანია არამხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ მთელი ქვეყნისთვის:

„დღეს არის მნიშვნელოვანი  დღე, რადგან ილიას უნივერსიტეტში იხსნება ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა. ეს იქნება სივრცე, სადაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და მხარდაჭერით, სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას იმ ორ სფეროში, რომლებიც ილიაუნის სამართლის სკოლისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული და არამარტო სამართლის სკოლისთვის. მოგეხსენებათ, სამართალი და ადამიანის უფლებები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა აქ შეძენილი ცოდნით ბევრად უფრო კარგად გაუმკლავდება ამ გამოწვევას, ვიდრე თუნდაც, ჩვენ ვახერხებთ“, – აცხადებს ზედანია.

ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი კლინიკის გახსნის ორ მთავარ მიზანზე საუბრობს და აშშ-ის მთავრობას დახმარებისა და პარტნიორობისთვის მადლობას უხდის:

„ამ კლინიკის გახსნა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ის რამდენიმე მიზანს ემსახურება. ერთი ის, რომ სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და მეორე, ჩვენ მოვემსახურებით იმ ხალხის ინტერესს, რომელთაც უშუალოდ გააჩნიათ ეს საჭიროებები. ეს იქნება დისკრიმინაცია თუ სხვადასხვა ტიპის ადამიანების უფლებების დარღვევის შემთხვევები. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ორმაგად მნიშვნელოვანია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, აშშ-ის მთავრობას, კონკრეტულად, პროგრამა „პროლოგს“. მათთან ბოლო სამი წელია ვთანამშრომლობთ და იმედი მაქვს, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე, ვისურვებდი ბევრი ამ ტიპის პროექტი მომავალში განხორციელებასაც“, – განაცხადა სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური