GE

ილიაუნი და ჰალლეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტი ერთობლივ არქეოლოგიურ სამუშაოებს ახორციელებენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევის ცენტრი (დირექტორი – პროფ. პაატა ბუხრაშვილი) საუნივერსიტეტო სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი პროექტის – ,,კავკასიაში სახელმწიფოებრიობის სათავეებთან“ – ფარგლებში ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან (დირექტორი – პროფ. ფელიქს ბლოხერი) ერთად ივრის ზეგანზე აწარმოებს არქეოლოგიურ სამუშაოებს. სამუშაოების მიზანია, ინტერდისციპლინარული კუთხით იქნეს შესწავლილი ის წინაპირობები, რომელთაც განაპირობეს კავკასიაში გვიანი ბრინჯაო – ადრე რკინის ხანაში (ქრისტემდე XII-X ს.ს-ში) წინარესახელმწიფოებრივი გაერთიანებების ფორმირება. პროექტი დაფინანსებულია გერდა ჰენკელისა და გერმანიის აღმოსავლური საზოგადოების მიერ.

სამუშაოების დაწყებამდე სოფ. სამრეკლოს მახლობლად მდებარე ე.წ. ,,საყარაულო სერზე“ და მთა ნაზარლებზე გეომაგნიტური პროსპექცია ჩაატარეს ბავარიის ძეგლთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა პროფესორ იორგ ფასბინდერის ხელმძღვანელობით.

სოფ. სამრეკლოსთან მდებარე ,,საყარაულო სერზე“ (რაზმის ხელმძღვანელები: პროფ. სიმონე არნჰოლდი, შორენა დავითაშვილი, პროფ. პაატა ბუხრაშვილი) გამოვლინდა ოთხკუთხა, ორმაგი კედლებით მკვიდრად ნაგები შენობის ნაშთები. სავარაუდოდ, სამრეკლოს ბორცვზე პირველი დასახლება გაჩნდა არაუგვიანეს გვიანი ბრინჯაოს-ადრე რკინის პერიოდში და იარსება მინიმუმ ანტიკურ პერიოდამდე.

ნაზარლების მთაზე (რაზმის ხელმძღვანელები: პროფ. ფელიქს ბლოხერი, პროფ. პაატა ბუხრაშვილი, შორენა დავითაშვილი, ზურაბ ცქვიტინიძე) გაიწმინდა სამლოცველოს მრგვალი ფორმის, ორმაგი კედლებითა და ხურდა ქვის გამოყენებით ნაშენი გალავნის ნაშთები. გამოვლინდა დიდძალი შენაწირი ბრინჯაოს სამკაულები და სარდიონის მძივები, რომლებიც თიხის ქოთნებში ინახებოდა. პირველადი შეფასებით, სამლოცველო შესაძლებელია დათარიღდეს ქრისტემდე XII-X ს.ს-ით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური