GE

„ილიაუნი გაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა“ – სტუდენტის რჩევა აბიტურიენტებს

თათია მაისურაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. ის Eurasia Peace Studies Exchange Project გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფება ნორვეგიაში, ტრომსოს არქტიკულ უნივერსიტეტში, მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევების შესასწავლად. რა მისცა მას ილიაუნის გაცვლითმა პროგრამამ თავად გიამბობთ.

“გაცვლითი პროგრამა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ჩემი პროფესიული წინსვლის  თვალსაზრისით, რაც სამომავლოდ დამეხმარება კარიერული წარმატების მიღწევაში. გამომდინარე იქიდან, რომ ილიაუნის აქვს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, უამრავ შესაძლებლობას გაძლევს, გაცვლით თუ სხვა სასწავლო პროგრამებში მონაწილეობით განივითარო უნარ-ჩვევები და სრულფასოვნად ჩაერთო საერთაშორისო აკადემიურ ცხოვრებაში.

ტრომსოს უნივერსიტეტში მოხვედრის შემდეგ გავაცნობიერე, რომ მშვიდობის კვლევა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება ის მიმართულებაა, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს.  საერთაშორისო და დიპლომატიური ურთიერთობები ცხოვრების ნაწილია, ის ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და განსაზღვრავს ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულებას. შესაბამისად, ჩემი პროფესია მნიშვნელოვანია  მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებისთვის და ვთვლი, რომ თუ ამ მიმართულებით გავაგრძელებ კვლევას, ამით ჩემს ქვეყანასაც დავეხმარები.

აღნიშნული პროგრამა და ნორვეგიული მიდგომა საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან გულისხმობს მშვიდობის კვლევას ინტერდისციპლინური მიდგომით, რაც საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა პერსპექტივით დავინახოთ კონფლიქტი და მისი გადაჭრის გზები.

უნივერსიტეტში სწავლისას დავხვეწე კვლევითი უნარ-ჩვევები და კრიტიკული დამოკიდებულება ფაქტებისა და  მოვლენების მიმართ. ამავდროულად, გავიღრმავე თეორიული ცოდნა პროფესიული მიმართულებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, მიმეღო ევროპული განათლება, შევხვედროდი სტუდენტებსა და პროფესორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და გამეზიარებინა მათი გამოცდილება.

მომავალ ილიაუნელებს ვურჩევ, რომ აუცილებლად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც მათ უნივერსიტეტი სთავაზობს. გაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით ხომ ილიაუნი ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მიიღონ განათლება.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური