GE

ილიაუნი სკოლების გამოფენაზე მრავალფეროვანი აქტივობებით წარდგა

საგამოფენო ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“ სკოლების გამოფენას მასპინძლობს, სადაც საქართველოში არსებული სკოლების გარდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც არიან წარმოდგენილები. ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გახლავთ, რომელიც საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა ექსპოზიციითაა წარმოდგენილი.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ილიაუნის სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებებში და საინტერესო და სახალისო ფორმით გაეცნონ მეცნიერებას, მიიღონ სამახსოვრო საჩუქრები, აქტიური მონაწილეები კი ჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ და მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში შემდეგი მიმართულებებით: გეოლოგია, არქეოლოგია, კომპიუტერული ინჟინერია, ილიაუნის პლანეტარიუმი და ა.შ.

„ექსპო-ჯორჯიაში გაიხსნა სასკოლო გამოფენა, რომელიც ერთ-ერთი პარტნიორიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო ღონისძიებაა. არის შესაძლებლობა გავაცნობიეროთ, რომ სასკოლო განათლებას და მისი რეფორმის საჭიროებას ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს მთელმა ქართველმა საზოგადოებამ. ჩვენ ამ გამოფენაზე ვხედავთ ცალკეული ინსტიტუციების და ცალკეული სკოლების ძალიან დიდ წარმატებებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ცალკეული წარმატებები გარდაიქმნება მთელი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის წარმატებად. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა ამაში ხელი შევუწყოთ”,- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სასკოლო გამოფენა ექსპო ჯორჯიაში მეორე წელია იმართება, დაინტერსებულ პირებს საშუალება აქვთ გაეცნონ ძირითადად საქართველოში არსებული კერძო სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების სერვისებს. საჯარო სკოლებიდან გამოფენაზე კომაროვის სკოლა გახლავთ წარმოდგენილი.

„ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით 10-მდე საერთაშორისო გამოფენა ტარდება ყოველწლიურად, სკოლების გამოფენა ჩვენ შარშან დავამატეთ და მეორე წელია რაც ვახორციელებთ, ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, თუმცა ძალიან ბევრი მონაწილე გვყავს. სახელი ფქვია სკოლების გამოფენა, თორემ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის უამრავი ინსტიტუცია არის წარმოდგენილი, რომელიც სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს მოსახლეობას და მათ შორის პატარებს. ასევე სკოლები არის წარმოდგენილი და სკოლის ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნლოვანი და საინტერესო იქნება ეს ორი დღე ყველა დაინტერესებული პირისთვის და ყველას ველოდებით მობრძანდნენ“- ამბობს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორი რესან ქიქავა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

სკოლების გამოფენა წელს 6 და 7 დეკემბერს გაიმართება. გამოფენის მიზანია შექმნას ერთიანი პლატფორმა საშუალო განათლების სფეროში, ერთ სივრცეში შეკრიბოს ინდუსტრიის ყველა მონაწილე და პოტენციური მომხმარებელი, მიზნობრივ დამთვალიერებელს საშუალება მისცეს სრულიად შეაფასოს წარმოდგენილი სასწავლებლების უპირატესობები, მათი პროგრამები, სწავლების მეთოდიკა, ინფრასტრუქტურა, კურიკულუმები და ტექნიკური უზრუნველყოფა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური