GE

ილიაუნიმ ტრადიციული სამეცნიერო პიკნიკი წელს მასშტაბურად აღნიშნა

ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. სამეცნიერო პიკნიკს ყოველწლიური სახე აქვს და მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია.

40-მდე კარავში, როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე ევროპიდან, სხვადასხვა სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები და კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები თავიანთი სამეცნიერო ექსპერიმენტებით იყვნენ წარმოდგენილი.

წლევანდელი პიკნიკის თემაა – „გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების 17 მიზანია განათლებაზე ფოკუსირებული“.

როგორც ილიაუნის რექტორის მოადგილემ ნინო დობორჯგინიძემ აღნიშნა, სამეცნიერო პიკნიკი – ეს არის ფესტივალი, რომელიც წელს გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის გააზრებას ემსახურება, თუმცა ღონისძიებამ ტრადიციული სახე მიიღო და ყოველ წელს სხვადასხვა თემატიკით არის წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე.

„სამეცნიერო პიკნიკი ჩვენ დავიწყეთ საქართველოში და უკვე გარკვეული ტრადიცია დაგვიგროვდა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ისე ცალკეულ მეცნიერებთან. წელს აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროს წარმომადგენლობასთან საქართველოში, წელს პიკნიკის თემა არის გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანი.  უამრავი სკოლაა ამაში ჩართული, მათ შორის რაიონებიდან, ჩართულია ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი, მასწავლებელთა კლუბი, ჩვენი ლაბორატორიები. რაც მთავარია, პირველ რიგში, როგორც სკოლის მოსწავლეებში, მასწავლებლებში, სტუდენტებში და საერთოდ საზოგადოებაში, კლიმატური ცვლილების, გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის მიმართ – საერთო პასუხისმგებლობის გამომუშავებაა, რეფლექსია იმაზე, რომ მართლაც ჩვენი გასაკეთებელია და არ არის ცალკე აღებული არავის პასუხისმგებლობა. ამის გააზრებას ემსახურება ეს პიკნიკი“, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ.

პიკნიკში წელს პირველად ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. განათლების კოალიციის თავმჯდომარის, ირინა ხანთაძის განცხადებით, აღნიშნული პიკნიკი კარგი საშუალებაა განათლების პოპულარიზებისთვის.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და მისი ათეულთა კლუბი წელს პირველად მონაწილეობს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სამეცნიერო პიკნიკში, მოხარულები ვართ, რადგან ეს არის ძალიან კარგი საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ზოგადად განათლების დღის წესრიგის კიდევ უფრო აქტიურად წამოწევისთვის და სწორედ ეს არის ჩვენი ამ აქციაში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი. ეს არის ჩვენი პირველი ერთობლივი ღონისძიება. ჩვენი ათეულთა კლუბის წევრები დაინტერესებულ საზოგადოებას წარმოუდგენენ თავიანთ საქმიანობას და იმ საინტერესო მეთოდებს, რომლითაც დღეს სკოლებში მიმდინარეობს სწავლება და ასევე, აჩვენებენ რა შედეგებს დებენ, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის ამ კარავში გაეცნოს საინტერესო ქართველ პედაგოგებს და მათ საქმიანობას“, – განაცხადა ირინა ხანთაძემ.

ღონისძიების მთავარი სცენა დღის პირველ ნახევარში მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო შოუების ანიმატორებსა და სამეცნიერო თემატიკაზე შექმნილ წარმოდგენებს დაეთმო.

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად დაჯილდოვდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული პირველკურსელები.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს შვიდწლიანი ისტორია აქვს და 2012 წლიდან მოყოლებული ტარდება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს სამეცნიერო პიკნიკის მოდელით, რომელიც ევროპაში აღიარებულია მეცნიერების პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ღონისძიებად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური