GE

ილიაუნის 13 სტუდენტი შიმშილობას აგრძელებს – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა აკადემიურ საბჭოსთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 13 სტუდენტი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის უკიდურეს ზომას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას წერილობით არ გააფორმებს.

ილიაუნის სტუდენტებსა და აკადემიურ საბჭოს შორის გამართული შეხვედრა დღეს სამ საათს გაგრძელდა. სტუდენტების თქმით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ბიზნესის ფაკულტეტი შეიცვალოს ბიზნესისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტად და მიენიჭოს ავტონომია.

სტუდენტებს გიორგი ქადაგიძის დეკანის პოსტზე დაბრუნებაზე აღარ უსაუბრიათ. მათი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მოხდეს ფაკულტეტის სტრუქტურაზე შეთანხმება.

რექტორ გიგა ზედანიას განაცხადებით, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე ბიზნეს–სკოლასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს.

„ჩატარდა შეხვედრა წარმომადგენლობით საბჭოებთან. შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის საკითხები, სადაც შეთანხმება სრულიად შესაძლებელია რომ მოხდეს. ეს არის მაგალითად, სტუდენტური ჯგუფის ჩართვა ბიზნესის სკოლის ავტონომიის მექანიზმების განსაზღვრაში ახალ შექმნილ ფაკულტეტზე. ასევე ვთქვით, რომ ცალკე სტუდენტური ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმუშავებს უნივერსიტეტის დონეზე წესდებაში ცვლილებებისთვის. ასევე ვთვლით, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობაა, გავაგრძელებთ შეხევედრებს და მუშაობას. ბიზნეს სკოლის სახელზე ვმსჯელობთ და ეს მსჯელობა გაგრძელდება. დათმობაზე არ არის საუბარი, საუბარია, რომ პრობლემების გადაწყვეტა მოხდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ეს სტუდენტები უნდა დაელაპარაკონ სხვა სტუდენტებს და გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედებენ. ახალი სტრუქტურა ყველა ვარიანტში რჩება, ლაპარაკია წესდებაში იმ ცვლილებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ცალკეული ფაკულტეტების ავტონომიურობას გადაწყვეტილებების მიღებაში. ბიზნეს სკოლისთვის ამ ახალ ფაკულტეტში ავტონომიურობა ყველა ვარიანტში იქნება უზრუნველყოფილი,“ – თქვა გიგა ზედანიამ.

თემაზე სამსჯელოდ მხარეებს ორკვირიანი ვადა აქვთ, ამ პერიოდის მანძილზე სტუდენტების ერთმა ჯგუფმა პროტესტის უკიდურეს ზომაზე უარი თქვა, თუმცა ცნობილია რომ 13 მათგანი შიმშილობას არ წყვეტს და აკადემიური საბჭოს წერილობით გადაწყვეტილებას ელოდება.

ილიაუნის 20-მა სტუდენტმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ისინი ბიზნეს-სკოლის გაუქმებას და ფაკულტეტის დეკანის, გიორგი ქადაგიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური