GE

„ილიაუნის ამ პროგრამამ ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში განათლების მიღების საშუალება მომცა“ – სტუდენტი

მარიამ ალბექიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის სტუდენტია (თეორიული ასტროფიზიკის მიმართულება). როგორც თავად ამბობს, ფიზიკა სკოლიდან აინტერესებდა, ამიტომ უნივერსიტეტში ჩაბარებისას სწორედ ეს დარგი აირჩია. დღეს სადოქტორო საფეხურზე სწავლობს თეორიული ასტროფიზიკის მიმართულებით. რა შესაძლებლობები მისცა მარიამს ამ პროგრამამ და რა როლი ითამაშა მის ცხოვრებაში ილიაუნიმ, ამას თავად გიამბობთ:

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიგე კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის შესახებ, რომელიც ილიაუნისა და გოტინგენის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა. პროგრამა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან ორმაგ ხარისხსა და ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში დარგის წამყვან სპეციალისტებთან განათლების მიღების საშუალებას მაძლევდა.

პროგრამის მიხედვით, სასწავლო სემესტრები თანაბრად არის განაწილებული ორივე უნივერსიტეტში და მე ერთი სემესტრი გოტინგენის უნივერსიტეტშიც უკვე ვისწავლე. ჩემი ხელმძღვანელისა და პროგრამის კოორდინატორების წყალობით ყველა პროცედურისა და სასწავლო გარემოს შესახებ წინასწარ ვიცოდი, ამიტომ ადაპტაცია არ გამიჭირდა. ვფიქრობ, ეს სადოქტორო პროგრამა საშუალებას მომცემს მივიღო ცოდნა და სამეცნიერო მუშაობისთვის აუცილებელი თვისებები განვივითარო.

ჩემი სადოქტორო კვლევა ამ ეტაპზე ეხება მზის დიდმასშტაბიან როსბის ტალღებს. ვფიქრობ, ჩემი დიდი მიღწევაა, რომ ვაკეთებ საქმეს, რომლის კეთებაც მინდა, მიუხედავად იმისა, ითვლება თუ არა პერსპექტიულად ჩვენს გარემოში.

მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე და ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. მარცხის შემთხვევაშიც კი ვცდილობ, არ დავნებდე, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან საჭიროზე  მეტ ყურადღებას ვაქცევ გარშემომყოფების მოსაზრებებს, რაც ზოგჯერ ხელს მიშლის მთავარ მიზანზე კონცენტრირებაში.

ფიზიკის მნიშვნელობა ალბათ ცხადია. რაც შეეხება ასტროფიზიკასა და უშუალოდ მზის ფიზიკას, გარდა სამეცნიერო პროგრესში შეტანილი წვლილისა, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს: აუცილებელია ვიცოდეთ, სად ვცხოვრობთ და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენ გარშემო.მზე – ჩვენთვის ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი – დედამიწაზე და ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს: აქტიურობის დროს ის მოქმედებს როგორც დედამიწის მაგნიტოსფეროზე, ისე ადამიანების ჯანმრთელობაზე. მზეზე მიმდინარე პროცესების ცოდნა მეტ ინფორმაციას მოგვცემს ჩვენს გარემოზე, გაგვიადვილებს ადაპტაციას და საზოგადოებას აუმაღლდება ცნობიერება სამყაროზე.

მათ, ვისაც სურს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, ვურჩევ, ყურადღებით ადევნონ თვალი გაცვლით პროგრამებს. მაგალითად, ილიაუნის ბევრი პროგრამა აქვს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. ასევე იზრუნონ უცხო ენის სწავლასა და პროფესიული უნარების დახვეწაზე. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია, ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი მიზანი, ბევრი იმუშაოთ მისთვის და არ შეუშინდეთ სირთულეებს.”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური