GE

„ილიაუნის გზამკვლევის“ ფარგლებში 5 წიგნი გამოიცა – ილიაუნის წიგნების გამოფენა და სამომავლო გეგმები

22 დეკემბერს სასტუმრო „რუმსში“ ილიაუნის წიგნების გამოფენა გაიმართა, სადაც პროექტ „ილიაუნის გზამკვლევის“ ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროფესორების მიერ დაწერილი წიგნები, გზამკვლევები სხვადასხვა სამეცნიერო საკითხებისა თუ მსოფლიოში აღიარებული ლიტერატურის შესახებ. პროექტის ფარგლებში ჯერ მხოლოდ 5 წიგნია დაბეჭდილი. 2019 წლის ბოლომდე სერიებს კიდევ 15 ავტორის ნამუშევარი შეემატება.

ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რის შემდეგაც სცენა წიგნების ავტორებს დაუთმო. გამომსვლელებმა თავიანთი გზამკვლვების მოკლე მიმოხილვა გააკეთეს და აღნიშნეს, თუ რამდენად საპასუხისმგებლო მისია დაეკისრათ.

როგორც გიგა ზედანიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, პროექტის მიზანი ფართო საზოგადოებისთვის მეცნიერული ცოდნის მარტივი სალიტერატურო ენით გაზიარება და ამ ჟანრის პოპულარიზაციაა. მისივე თქმით, გზამკვლევების მთავარი ხიბლი არის ის, რომ ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ქართველი მეცნიერების მიერ დაწერილ ტექსტებს:

„პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი მიზანია მეცნიერული ცოდნა რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად მივიტანოთ ფართო აუდიტორიამდე. პირველ ეტაპზე ჩართულები არიან მხოლოდ ილიაუნის პროფესორები, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენს სხვა კოლეგებსაც შევთავაზოთ  მონაწილეობის მიღება. 2018 წლის  ბოლოს 5 ტომი გამოვიდა და ჩვენ ვაპირებთ და ჩვენი მიზანია, 2019-ში ამას 15 ტომი დავამატოთ.

მსგავსი სერიები სხვა ევროპულ ენებზე არსებობს, მათ  შორის ინგლისურ, ფრანგულ თუ გერმანულ ენებზე, მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ქართველი მკითხველი გაეცნოს ქართველი მეცნიერების მიერ დაწერილ ტექსტებს და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში სამეცნიერო ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეიტანს“ – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

ილიაუნის პრორექტორი ნინო დობორჯგინიძე მიიჩნევს, რომ ეს პროექტი უნივერსიტეტის მთავარ სათქმელს ამბობს, ამ გზით ის სცდება საუნივერსიტეტო გარემოს და ხმას უფრო დიდ აუდიტორიებს აწვდენს. აღნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში პროექტის ფარგლებში 100 გზამკვლევი დაგროვდება:

„ესაა ილიაუნის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც მას აძლევს საშუალებას დაელაპარაკოს არამარტო თავის აუდიტორიას და სტუდენტებს, როგორც ჩვეულებრივ აკეთებს, არამედ ხმა მიაწვდინოს ფართო აუდიტორიას. ესაა განსაკუთრებული განათლება, რომლესაც ილიაუნი შესთავაზებს აბსოლუტურად ყველას, მას არ დასჭირდება სპეციფიკური აუდიტორია. ესაა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი და ვგეგმავთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ილიაუნის 100 გზამკვლევი ექნება. ვისურვებდით, თითოეულს ამ ასთაგან, ჰყავდეს 10 ათასობით მკითხველი.

ვთვლით, რომ მთავარი, რაც ამ უნივერსიტეტს  საზოგადოებისთვის უნდოდა ეთქვა, ამ პროექტით შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტმა მოახერხოს საზოგადოებაში ამ ღირებულებითი განათლების დამკვიდრება. ესაა ჩვენი არა საგნობრივი, არამედ ღირებულებითი განათლება. საგნობრივი უფრო ღრმა და დაწვრილებითია“, –  ამბობს დობორჯგინიძე.

პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნებია:

ბელა წიფურია – “ცისფერყანწელები”

დიმიტრი ჯაფარიძე – “საბჭოთა ეკონომიკა”

დავით თარხნიშვილი – “ევოლუცია”

ჯანა ჯავახიშვილი – “ნარკოპოლიტიკა”

ნოდარ ლადარია –  „ღვთაებრივი კომედია“

2019 წლის ბოლომდე კი შემდეგი წიგნების გამოცემა იგეგმება:

გიგა ზედანია – „მობი-დიკი“

თეო ხატიაშვილი – “ფარაჯანოვი”

ლია ლორია – “სერვანტესი”

მალხაზ სონღულაშვილი – “ყურანი”

ლევან ბერძენიშვილი – “ნიკოლოზ ბარათაშვილი”

ნინო დობორჯგინიძე – “ქართული ენა”

გიორგი მაისურაძე – “ძმები კარამაზოვები”

ნინო ფიქრცხალავა – “ჯადოსნური მთა”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური