GE

ილიაუნის რექტორი და სტუდენტები ისევ ვერ შეთანხმდნენ, სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენა, მათი შეხვერდრა რექტორთან უშედეგოდ დასრულდა.

სტუდენტები კვლავ ბიზნეს სკოლის ცალკე ფაკულტეტად აღდგენას და დეკანის პოზიციაზე გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ. რექტორთან შეხვედრამდე საპროტესტო აქციის მონაწილე ახალგაზრდები გიორგი ქადაგიძეს და გიორგი პაპავას ესაუბრნენ. მათ უნივერსიტეტში არსებული პრობლემები განიხილეს და ბიზნეს სკოლის გაუქმებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს. ქადაგიძე უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებსა და სასწავლებლის ბიუჯეტის ხარვეზებზე საუბრობს.

“ჩვენი განათლების სისტემა დღეს საჭიროებს რადიკალურ რეფორმებს. აქ საუბარი არის მიუღებლობაზე იმ ცვლილებების და იმ რეფორმების, რომლის გატარებასაც ჩვენ ვახორციელებდით. ცხადია, ეს ყველაფერი ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც ჩვენ ვითხოვთ უფრო მეტ გამჭვირვალობას, ვითხოვთ უფრო მეტად ჩახედვას უნივერსიტეტის ფინანსებში”, – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

უნივერსიტეტის რექტორი კი სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგაც დარწმუნებულია, რომ განხორციელებული ცვლილებები მხოლოდ დადებით შედეგებს მოიტანს.

„აღნიშნული გადაწყვეტილებები მივიღეთ ისევ და ისევ სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ მათ სამომავლოდ უფრო კარგი პერსპექტივა ჰქონდეთ, გაუმჯობესდეს ხარისხი. დერეფანი არ გახლავთ ადგილი, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები და აქ მყოფთა რაოდენობა ნამდვილად არ წარმოადგენს უნივერსიტეტის სრულ შემადგენლობას. პატივი ვცეთ იმ სტუდენტების სურვილებს და მოლოდინებსაც, რომლებიც აქ არ იმყოფებიან“, – ამბობს ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია.

რექტორის ამ განცხადებამ შეკრებილ სტუდენტთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ გიგა ზედანიას მოუწოდეს, გაითვალისწინოს  მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში რექტორის გადადგომის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელი პირების შეცვლის მოთხოვნით აქციებს გამართავენ. მათივე ინფორმაციით, გიგა ზედანია დაჰპირდა, რომ შეიკრიბება შესაბამისი საბჭო, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელებს.

ილიაუნის ბიზნეს სკოლის სტუდენტთა ნაწილმა 24-საათიანი საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური