GE

ილიაუნის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი უცხოეთში მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე

გიორგი მეჭურჭლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის ისტორიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტია. იგი ასევე ილიაუნის Erasmus+ გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) ფილოსოფიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილეცაა. გიორგი თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებზე გვიყვება.

„შეუფასებელია გამოცდილება, რომელიც ბელგიაში ცხოვრებამ მომცა. გავეცანი ამ შესანიშნავ ქვეყანას, მის ხალხს, მათ კულტურასა და ცხოვრების წესს. ამავდროულად, მომეცა შესაძლებლობა აღმომეჩინა მსგავსებები, რომლებიც გვაერთიანებს, და დავკვირვებოდი განსხვავებებს. დავფიქრებულიყავი იმაზე, რის გადმოღებას ვისურვებდი საქართველოში და რა შემიძლია გავაკეთო მე, როგორც ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა, საამისოდ.

ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში გატარებული პერიოდი. უნივერსიტეტის უმდიდრეს ბიბლიოთეკაში მუშაობა დიდი სიამოვნება და გამოწვევა იყო. მივიღე წვდომა ისეთ ლიტერატურაზე, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს. საშუალება მომეცა გამემდიდრებინა სადოქტორო დისერტაცია სხვადასხვა წყაროთი და მე, როგორც ახალგაზრდა ისტორიკოსს, შემეძინა ახალი ცოდნა და გამეფართოებინა თვალსაწიერი“, – აღნიშნა გიორგი მეჭურჭლიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური