GE

ილიაუნის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან

12 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ფაკულტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობას სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების, ერთობლივი საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელებისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით, ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარიძემ და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ.

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს განვუვითაროთ თანამედროვე ინოვაციური ხედვა, ჩამოვაყალიბოთ ისინი თანამედროვე ლიდერებად, რომ საბოლოოდ ტურიზმის სფეროს ეფექტური მენეჯერები, მეწარმეები იყვნენ “, – განაცხადა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი ჯაფარიძემ.

„თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება. ეს უკავშირდება ერთობლივი საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვასა და პროცესის განვითარებას, ასევე სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობას; სტუდენტების დასაქმების პროცესის ხელშეწყობას, რომელსაც უზრუნველყოფს როგორც ტურიზმის ასოციაცია, ასევე მასში ჩართული ტურისტული ორგანიზაციები”,– განაცხადა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ, ნატალია კვაჭანტირაძემ.

„მნიშვნელოვანია პრაქტიკა და სწორედ ამ პრაქტიკულ კომპონენტში დაგვეხმარება საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ტურისტული კომპანიაა გაწევრიანებული. ამ თანამშრომლობით სტუდენტებს მნიშვნელოვანწილად გაეზრდებათ დასაქმების შესაძლებლობა”, – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ქემერტელიძემ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი