GE

ილიაუნიში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 37 ქართველმა და 22 უცხოელმა მეცნიერმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან.

კონფერენცია 25 ოქტომბერს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ გახსნა. გახსნას ესწრებოდნენ საფრანგეთის საელჩოს პირველი მრჩეველი, ბატონი ერიკ ტოზატი, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე, ქალბატონი ელეონორ გარნიე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ლინგვისტური და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი ქეთევან ქურციკიძე.

იმავე დღეს გაიმართა ოფიციალური მიღება. სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია, კონფერენციის იდეის ავტორი, ექსი-მარსელის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსი ნუსელოვიჩი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ბატონი ზაალ ანდრონიკაშვილი, მწერალი და მთარგმნელი თურქეთიდან, ფარნა-ბექა ჭილაშვილი (ფაჰრეთინ ჩილოღლუ), რომლებმაც ისაუბრეს კონფერენციის მნიშვნელობაზე. ამავე საღამოს გაიმართა ჟურნალ EISH-ის (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-5 ნომრის პრეზენტაცია, რომელშიც დაბეჭდილია 2017 წელს ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „21-ე საუკუნის 21 გამოწვევა: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები“ მასალები. უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა კონფერენციის მონაწილეების საპატივცემულოდ გამართეს 20-წუთიანი კონცერტი.

კონფერენციას მიეძღვნა ზღვის თემაზე შექმნილი ნახატებისა და ფოტოების გამოფენა.
26 ოქტომბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის მონაწილეებმა იმსჯელეს 2019 წელს „ჰორიზონტი 2020“ კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონსორციუმის შექმნისა და სავარაუდო თემატიკის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე ქართველი მეცნიერების მორიგი შეკრება გაიმართა 31 ოქტომბერს.

კონფერენცია დაიხურა 27 ოქტომბერს. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო უცხოელ მეცნიერებს – სამახსოვრო საჩუქრები: საქართველოსა და ქართული კულტურის ამსახველი ალბომები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური