GE

ილიაუნიში გენდერული ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა „ქალები სამხედრო სფეროში“ იყო.

რა სირთულეებს აწყდებიან ქალები სამხედრო სფეროში? რა პოლიტიკა არსებობს უსაფრთხოების სექტორში ქალთა კარიერული განვითარების ხელშეწყობისთვის? როგორ უნდა ასრულებდეს სახელმწიფო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომელთა მოთხოვნაა ქალთა გაზრდილი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების სექტორსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში. როგორია ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება?

ამ თემებზე სასაუბროდ ილიაუნის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ეწვია და დამსწრე საზოგადოებას გამოცდილება პირადი მაგალითებით გაუზიარა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის სამხედრო სფეროში უდიდესი გამოწვევა ქალების რეკრუტირებაა.

„ვიტყოდი, რომ უდიდესი გამოწვევა ამ დროისთვის არის ქალების რეკრუტირება საქართველოს თავდაცვის ძალებში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ამ მხრივ მინისტრი ღარიბაშვილის მხრიდან, ის ცდილობს შექმნას რეკრუტირების ცენტრი რეგიონებშიც და ჩართოს ამაში მთელი ქვეყანა. გამოწვევაა, რომ როდესაც ქალებს სურთ იმსახურონ სამხედრო სამსახურში და იწყებენ საამისოდ ნაბიჯების გადაგმას, შევუქმნათ მათ პირობები, რათა დარჩნენ  და განვითარდნენ სამხედრო სფეროში“, – განაცხადა სტეფანი ბეგლმა.

ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ აღნიშნა, რომ არ არსებობს  სფეროები, სადაც ქალებისთვის კარი დაკეტილი უნდა იყოს და გენდერული ძალადობის აღმოფხვრის კამპანიაც, სწორედ ასეთი საკითხებისკენაა მიმართული.

“ეს ღონისძიება ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ლექციების სერიის ფარგლებში. თემა, „ქალები სამხედრო სფეროში“, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არ არსებობს სფეროები, სადაც ქალებისთვის კარი დაკეტილი უნდა იყოს. არ არსებობს სფეროები, რომელიც მაინცდამაინც მამაკაცურობასთან არის დაკავშირებული და იქ ქალს არ უნდა შეესვლებოდეს“,- განაცხადა გიგა ზედანიამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური