GE

ილიას უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვეს

წიგნის სახლ ,,ლიგამუსში” ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართა. წელს პრემია უცხოური რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისათვის გაიცემოდა.

სპეციალურ ჟიურის 2014-2018 წლებში გამოცემული საუკეთესო თარგმანი უნდა გამოევლინა. განსახილველ ეტაპზე კი ასამდე უცხოენოვანი რომანის ქართული თარგმანი მონაწილეობდა.

ლიტერეტურული კონკურსის გამარჯვებული ლანა კალანდია გახდა თარგმანებისთვის „ქალაქი და ძაღლები“ და „ვაცის ნადიმი“, ორივე რომანი მსოფლიოში ცნობილ პერუელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს, მარიო ვარგას ლიოსას ეკუთვნის. ლანა კალანდიას ილიაუნისგან პრემიის სახით 10 000 ლარი გადაეცა.

როგორც თარგმანების ავტორმა ლანა კალანდიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ამ თარგმანებისთვის მიღებული ჯილდო მისთვის განსაკუთრებით საპატიოა.

„მარიო ვარგას ლიოსას პირველი წიგნი ოთხი წლის წინ ვთარგმნე, ეს იყო „ცუდი გოგოს ოინები“, რომელმაც ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდების მხრიდან, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მწერლის უფრო სერიოზული ნაწარმოებები ,,ვაცის ნადიმი,, და „ქალაქი და ძაღლები“ გვეთარგმნა. ჩემთვის ამ თარგმანებისთვის მიღებული ჯილდო ძალიან საპატიოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ საუნივერსიტეტოა. ეს ჯილდო დასტურია, რომ მარიო ვარგას ლიოსას რომანები ქართული ლიტერატურის კულტურული სივრცის ნაწილი გახდა“, – განაცხადა ლანა კალანდიამ.

ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბაში აღნიშნა, რომ ყველა თარგმანი გამოირჩევა ორიგინალის ერთგულებით, ქართული ლექსიკისა და იდიომების ფლობით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უცხო რეალიების ქართველ მკითხველამდე მიტანის უნარით.

„ჩვენ გამოვავლინეთ 2014-2018 წლებში უცხოენიდან თარგმნილი საუკეთესო რომანი. ჩვენ ყოველ 5 წელიწადში ვატარებთ მსგავს კონკურსს. წელს ჟიური შედგებოდა პროფესორებისა და სტუდენტებისგან. არჩევანი შევაჩერეთ ქალბატონ ლანა კალანდიაზე და მის თარგმნილ ორ რომანზე. ორივე ეკუთვნის მარიო ვარგას ლიოსას და ორივე არის უმნიშვნელოვანესი რომანი ლათინური ამერიკის თანამედროვე რეალობაში. პირველ რიგში, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის რომანები, რომლის წაკითხვაც ძალიან სჭირდება ახალგაზრდობას და მეორე ის, რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თვითონ ქალბატონი ლანას თარგმნილმა, ვგულისხმობ როგორც ქართული იდიომის ფლობას, ისე ერთგულებას ორიგინალის მიმართ და ასევე უცხო რეალიების ძალიან ახლოს მოტანას ქართველ მკითხველამდე“, – განაცხადა გიგა ზედანიამ.

მარიო ვარგას ლიოსას რომანების სამოქალაქო პოზიცია და ანტიავტორიტარული სულისკვეთება ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

აღსანიშნავია, რომ დიდი მწერალი საქართველოს 2019 წლის სექტემბერში ეწვევა და სტუდენტებთან შეხვედრაზე მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ელიან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური