GE

ილიაუნიში მასწავლებლებისთვის განკუთვნილი მედიაწიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართა  

მედიის განვითარების ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამართული მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში  წიგნის სახლს „ლიგამუსში“ მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება  მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე თამარ ხორბალაძემ გახსნა.

როგორც მან აღნიშნა, მედიის განვითარების ფონდი იწყებს პროექტის განხორცილებას, რომლის სამიზნე აუდიტორიაც მასწავლებლები იქნებიან და მათთვის მედიაწიგნიერების სწავლების ხელშეწყობისთვის უკვე ხელმისაწვდომია სახელმძღვანელო და ინტერნეტრესურსები.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროექტების პრეზენტაცია, ეს არის მედიაწიგნიერების,  როგორც სახელმძღვანელო, ასევე ინტერნეტრესურსები მასწავლბლებისთვის. ეს არის ჩვენი პირველი პროექტი, როცა მასწავლებლები არიან ჩვენი სამიზნე აუდიტორია და ძალიან დიდი მადლობა ნიდერლანდების საელჩოს იმისთვის, რომ მოგვეცა საშუალება, რომ სწორედ ამ სამიზნე აუდიტორიაზე გავსულიყავით. მოგეხსენებათ, ზოგადად მედიაწიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა დასავლეთის ქვეყნებში, ისინი მივიდნენ იქამდე, რომ სკოლებში სავალდებულო საგანიც კი არის. ჩვენ ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ ვართ, თუმცა მგონია, რომ ეს პროექტიც გარკვეულ როლს შეასრულებს ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი, რომელთან ერთადაც სულ მალე დაიწყება კურსი მასწავლებლებისთვის, რომელიც იმედი გვაქვს, რომ მათ დაეხმარებათ სკოლებში სწავლების დროსაც და უკეთესად გაართმევენ თავს დეზინფორმაციასთან ბრძოლას“, – განაცხადა თამარ ხორბალაძემ.

ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ აღნიშნა, რომ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელების მზარდი საფრთხეების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების განათლება იმ კუთხით, რომ მათ შეძლონ ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლებია ჩვენი მედიალანდშაფტი ძალიან სერიოზულად შეიცვალა, რამდენადაც კომუნიკაციის მექანიზმები გაუმჯობესდა, იმდენადვე გაიზარდა მედიაში საფრთხეები, დეზინფორმაცია იქნება ეს თუ პროპაგანდა, რომელიც მანამდე ვიწრო საზოგადოებებში არსებობდა და საქართველოც არ დარჩა ამ კუთხით დაცული. ილიას უნივერსიტეტიც აღმოჩნდა ამ გამოწვევის წინაშე და ჩვენი როლი ძალიან დიდი მგონია, რადგან შეგვიძლია ვისაუბროთ უნივერსიტეტზე, როგორც საზოგადოების ანკლავზე. ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ მედიის განვითარების ფონდთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ“, – აღნიშნა გიგა ზედანიამ.

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდა ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ხანდახან ხდება, რომ ყიდიან გარკვეული ასხის ინფორმაციას, რაც შეიძლება ძალიან სასიამოვნო და კარგი არ იყოს საზოგადოებისთვის, მაგრამ კარგად იყიდებოდეს. ამის მთავარი ხრიკი კი ის არის, რომ ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ვართ შედეგზე ორიენტირებული. მაგარმ შეიძლება თავისთავად ამ პოზიტიურ განზრახვას, მაინცდამიანც კარგი შედეგები არ ახლდეს თან. ადამიანებმა უნდა იცოდნენ როგორ უნდა მოიპოვონ ინფორმაცია, როგორ გააკეთონ არჩევანი და განკარგონ საკუთარი ფინანსები. ამ პროექტით ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა მოქალაქე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ იმუშაოს სოციალურ მედიასთან როგორც ეს მისაღებია და წესია. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მედიის განვითარების ფონდს და ილიას უნივერსიტეტს რომ ისინი ნამდვილად ზრუნავენ ამ მიმართულებით“,- განაცხადა იოს დუმამ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო როგორც პედაგოგებისთვის მომზადებული სახელმძღვანელო, ასევე ვებგვერდი, ონლაინთამაშები და ილიას უნივერსიტეტში პედაგოგთა გადამზადების პროგრამისთვის მომზადებული მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო კურსი, რომელიც უნივერსიტეტში გაზაფხულიდან დაინერგება.

კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოში ნიდერლანდებისა და აშშ-ის საელჩოების, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერითა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური