GE

„იმ სახელმძღვანელოებში, რომლებმაც გადალახა გრიფირება, არც ერთი ცუდი არაა, მათ შორის არის ძალიან კარგები და ნაკლებად კარგები“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას შეფასებით, I-VI კლასებისთვის გრიფირებაზე შემოსულია ნამდვილად კარგი სახელმძღვანელოები, არცთუ ისე კარგი სახელმძღვანელოები და სახელმძღვანელოები, რომლებიც გრიფირებას ვერ გადალახავენ და ვერც გადალახეს. როგორც მურღულიამ EDU.ARIS.GE-ის უთხრა, ის სახელმძღვანელოები, რომლებმაც გადალახა გრიფირება, არც ერთი ცუდი არაა, თუმცა „მათ შორის არის ძალიან კარგები და ნაკლებად კარგები“.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა პედაგოგთა უარყოფით შეფასებას სახელმძღვანელოების შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, თუმცა პედაგოგების (მათ შორის სახელმძღვანელოს რეცენზენტის) კონკრეტული პრეტენზიების განხილვის გარეშე.

„დასტვენამდე“ მოვიცალოთ სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის

„ინგლისურის სახელმძღვანელოები, რომელსაც გრიფი წელს მიენიჭება, ახლანდელზე გაცილებით უარესია“

„ადამიანები, რომლებსაც მე არ ვიცი რა კომპეტენცია აქვთ იმისთვის, რომ სახელმძღვანელო ერთმნიშვნელოვნად შეაფასონ ან პოზიტიურად ან  ნეგატიურად, უაპელაციოდ აფასებენ  სახელმძღვანელოებს, ეს არის არასწორი. მომწონს, არ მომწონს, სახელმძღვანელოსთან მიმართებით ძალიან არაკომპეტენტური შეფასებაა. სახელმძღვანელო ფასდება 40-მდე კრიტერიუმით, რომელიც განსაზღვრულია „ეროვნული სასწავლო გეგმით“ და ყველა სახელმძღვანელოს აფასებს მინიმუმ სამი პედაგოგი. ამიტომ, როცა შენ, შენი კოლეგების ნამუშევარს ბრტყლად აფასებ რომ კარგია, ცუდია, იმას სჯობს, ამას სჯობს, ეს უკვე არაკომპეტენტური შეფასებაა. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს არ მოსწონს სახელმძღვანელოები, ვთავაზობ, რომ კომპეტენტურად შეაფასოს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით, ან იმ  ამოცანებთან მიმართებით, რაც სახელმძღვანელოს წინაშე დგას“, – განაცხადა მუღულიამ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოებს, სპეციალურად შერჩეული სამი პედაგოგი აფასებს და აფასებს ყველა კრიტერიუმით.

„სახელმძღვანელოებში, რომლებმაც გადალახეს ბარიერი გადავიდნენ მეორე ეტაპზე, ხდება მითითებული რეკომენდაციების ასახვა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოხდება იმის განხილვა, რამდენად არის გავლილი რეკომენდაციები. შინაარსი ფასდება კრიტერიუმებით, რამდენად შეესაბამება „ეროვნულ სასწავლო გეგმას“, რამდენად ითვალისწინებს ასაკობრივ სპეციფიკას, რამდენად გადის იმ შედეგებზე, რომელიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით, ანუ ბევრი  კრიტერიუმია. ჯერ კრიტერიუმების ცხრილი უნდა წაიკითხოს ადამიანმა, იმისთვის რომ სახელმძღვანელოზე შეძლოს კრიტერიუმების მიხედვით აზრის გამოხატვა და შემდეგ უკვე უნდა თქვას, რომ ეს არის ამ კომპონენტში კარგი, ცუდი ან ყველა კომპონენტში ცუდია და ამას სჭირდება  შესაბამისი არგუმენტები.  კიდევ ერთხელ ვამბობ რომ, როცა შეფასება ხდება ასე, რომ სახელმძღვანელო ზოგადად არ ვარგა,  ეს არ არის ის შეფასება, რომელსაც მე პირადად ვუსმენ. მე ვუსმენ კომპეტენტურ შეფასებებს და ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენთვის წიგნების ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თემურ მურღულია ამბობს, მისი მიზანია, 15 სექტემბერს I-VI კლასის მოსწავლეებს წიგნები მაგიდაზე ჰქონდეთ.

ეს კი იმ კონკრეტული შენიშვნების ნაწილია, რომელსაც პედაგოგები და მშობლები მაგალითად ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შესახებ გამოთქვამენ:

–„ახალი წიგნები, რომლებითაც სექტემბრიდან უნდა ვასწავლოთ, გაცილებით მშრალი და ზედაპირულია. როდესაც სახელმძღვანელოს ცვლი უკეთესით უნდა ჩაანაცვლო და არა უარესით. არ ვამბობ, რომ ეს ცუდი წიგნებია, უბრალოდ ბავშვი, რომლისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არაა, ამ წიგნით ვერ ისწავლის“.

–ინგლისურის მე-5 კლასისითვის განკუთვნილ მე-4 დონის წიგნში უკვე სრული დროები შემოდის და ცოტათი რთულია ბავშვებისთვის, რადგან ქართული ენის, გრამატიკის სწავლებას ძალიან გვიან იწყებენ ან ძალიან მწირად ისწავლება, რაც ხელს უშლის დაბალ საფეხურზე რთული გრამატიკული ფორმების აღქმას. მე-6 კლასში უკვე ვნებითი გვარი ისწავლება, რაც ძალიან ადრეა. გრამატიკას ჯერ ქართული ენის პროგრამა უნდა უსწრებდეს წინ, რათა მერე უცხო ენის მასწავლებელს არ გაუჭირდეს ინგლისური ენის გრამატიკის ათვისება. ამასთან, ტესტები მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, არც ისე საინტერესოა. უმჯობესია, ტექსტები ჩვენს რეალობასთან იყოს ახლოს“

–„საბაზო-საშუალო საფეხურზე ამ ენას მეტი საათი უნდა დაეთმოს. კვირაში 2 საათი არ არის საკმარისი დრო ინგლისური ენის სწავლისთვის. საშუალო საფეხურზე Activate-ს გადიან და ვთვლი, რომ კარგი სახელძღვანელოებია, განსაკუთრებით მე-12 კლასის.

პედაგოგების აზრით, მე-5 და მე-6 კლასების უცხო ენის სახელმძღვანელოებში ძალიან დიდი მოცულობის ტექსტებია და მოსწავლეებს ბევრი უცხო სიტყვა უგროვდებათ. მიაჩნიათ, რომ კარგი იქნება, თუ წიგნში უცხო სიტყვების ქართული მნიშვნელობებიც იქნება წარმოდგენილი.

მე-5 და მე-4 კლასის მოსწავლეების მშობელი:  ინგლისურში ორივეს ვამზადებ და ვთვლი, რომ მომზადების გარეშე სკოლაში ბავშვები უცხო ენას ვერ ისწავლიან. დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოები ამერიკელ ბავშვებზეა გათვლილი. რეპეტიტორი მათ საერთოდ არ იყენებს და ვერ იყენებს. საჯარო სკოლაში ინგლისური საერთოდ არ ისწავლება. პედაგოგებმა იციან, ბავშვები მაინც მოემზადებიან, არც თავს იწუხებენ და არც ბავშვებს „აწუხებენ“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური