GE

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ჩარჩო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში შემუშავდა. მემორანდუმის თანახმად, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ქართველ მეცნიერებს ტექნოლოგიების კუთხით, საზღვარგარეთ ახალი გამოგონებების გაყიდვაში დაეხმარება.

„ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანიცაა ჩვენს უნივერსიტეტში სამეცნიერო ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ხელშეწყობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესც ჩვენ ვსაუბრობთ რომ საქართველო უნდა გადავიდეს ცოდნის ეკონომიკაზე, სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს. გამოგონება არ უნდა დარჩეს მხოლოდ პუბლიკაციებში, უნდა მოხდეს მისი გამოყენება და მათ შორის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ამ მიმართულებით ბევრი არ გაკეთებულა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს დასაწყისი. ჩვენ ბევრად უფრო მეტი ტექნოლოგიების გამოყენება და კომერციალიზაცია უნდა მოვახდინოთ, თუ გვინდა რომ ვიყოთ ტექნოლოგიების არამხოლოდ მომხმარებლები, არამედ მწარმოებლები. ფიზიკის და ელექტრონული ინჟინერიის გადაკვეთაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს პროექტი არსებობს და არის დიდი შანსი, რომ ის გახდეს მომგებიანი, რაც იმედს გვაძლევს, რომ ასეთი ტიპის პროექტების რაოდენობა გაიზრდება“,- განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მემორანდუმი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაფორმდა, რაც საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში ტექნოლოგიების კუთხით არსებული მიღწევების შესწავლას და მათ კომერციალიზაციას ითვალისწინებს.

„საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიებისა სააგენტო პროექტს მსოფლიო ბანკთან ერთად ახორციელებს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ერთი მილიონი ევრო გამოიყო გრანტის სახით ჩვენი სააგენტოსთვის, რომ დაიწყოს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევდივართ ყველა წამყვან უნივერსიტეტში და სამეცნიერო კვლევით ცენტრში რათა შევისწავლოთ ტექნოლოგიების მზაობა, რომ შემდეგ გავიტანოთ ბაზარზე და გავყიდოთ ინდუსტრიულ მოთამაშეებში. ჩვენ გავაკეთეთ იდენტიფიცირება იმ სამეცნიერო მიღწევების, რაც უნივერსიტეტების წიაღში შეიქმნა, გვაქვს შერჩეული რამდენიმე ტექნოლოგია, რომელზეც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არის წარმოდგენილი ერთ-ერთი ტექნოლოგია. ეს მემორანდუმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პატრონაჟის ქვეშ ვიღებთ ამ ტექნოლოგიას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ მოვახდინოთ მისი მომზადება ბაზრისთვის და საბაზრო ფასის შესაბამისად გავყიდოთ. ეს თანხები რაც შემოვა წავა უნივერსიტეტში ისევ განვითარებისთვის, მაგრამ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ თანხის 30% წავა გამომგონებელთან. მნიშვნელოვანია, რომ თავად მეცნიერს ჰქონდეს დამატებითი მოტივაცია, რომ მიიღოს შემოსავალი. იმედი მაქვს რომ ჩვენ მივიღებთ მდიდარ მილიონერ მეცნიერებს, გამომდინარე იმ ტექნოლოგიების ღირებულებიდან, რაზეც ვსაუბრობთ“,- ამბობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ტექნოლოგიების კომერციალიზაციის კუთხით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე აქვს რეალური შედეგები. 2016 წელს უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ გამოცხადდა კონკურსი ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სფეროში წარმატებული და კომერციული პოტენციალის მქონე გამოგონების შესარჩევად. კონკურში გაიმარჯვა მეცნიერმა დავით აფხაზავამ. მისმა გამოგონებამ – „ქლორის იონების უჯრედებში შეღწევის მონიტორინგის ახალი სენსორი“ – აშშ-ის საპატენტო უწყებისგან ოფიციალური პატენტი მიიღო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური