GE

„იმის თქმა, რომ განათლების დაფინანსება მუდმივად იქნება 6%, არასწორი და არასერიოზულია“

გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემისთვის გამოყოფილი თანხების ზრდა დააანონსა და განაცხადა, რომ 2022 წლისთვის განათლების სექტორის დაფინანსება მშპ-ის 6%-ს გაუტოლდება:

„ჩვენ 2012 წელს ჩავიბარეთ განათლების სექტორი, სადაც ბიუჯეტი 700 მილიონ ლარსაც კი არ აღწევდა, 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით განათლების სექტორზე ჩვენ, დაახლოებით, მილიარდ 600 მილიონს ვითვალისწინებთ, 2020 წელს ის გახდება 2 მილიარდი, 2012 წელს – 2 მილიარდი ნახევარი, ხოლო ჩვენი ინიციატივის შედეგად, 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს ანუ 3 მილიარდ 400 მილიონ ლარს“, – აცხადებს ის.

არავინ გაურბის იმ ფაქტის აღიარებას, რომ სახელმწიფო ყოველ წელს ზრდის განათლებაში ჩადებული თანხების რაოდენობას. საკითხავია, რამდენად ეფექტურად იხარჯება ბიუჯეტი და მისი ზრდის პარალელურად იზრდება თუ არა განათლების ხარისხი. ამასთან დაკავშირებით გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოამზადა კვლევა, რომლის მიხედვითაც, ბოლო წლების განმავლობაში მოსწავლეთა შედეგები არათუ უმჯობესდება, უარესობისკენაც კი მიდის. მკვლევართა თქმით, „დაბალი ხარისხის განათლებაში სულ უფრო მეტს ვიხდით“:

„2018 წელს, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში ზოგადი (სასკოლო) განათლების დაფინანსება თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, სასკოლო განათლების ხარისხი ისევ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება, რასაც საერთაშორისო კვლევები და ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი 137 ქვეყანას შორის 106-ზე“, – ვკითხულობთ კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი განათლების სექტორის დაფინანსების სამომავლო გაზრდასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მხოლოდ მექანიკური გაზრდა საკმარისი არაა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა საჭირო:

„ჩვენი შარშანდელი კვლევის მთავარი გზავნილი არის შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში სასკოლო განათლების დაფინანსება გაორმაგდა, სწავლის ხარისხი, ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა.

ანუ დაფინანსების მხოლოდ მექანიკური გაზრდით პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, საჭიროა განათლების პოლიტიკისადმი სახელმწიფო მიდგომის რადიკალური ცვლილება. ამას კი სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური ნება და ხანგრძლივვადიანი (10 და მეტ წელზე გათვლილი) სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება/განხორციელება და არა სადღეგრძელოები, რომ ძალიან მალე მსოფლიოში საუკეთესონი ვიქნებით.

განათლების სფეროსთვის გამოყოფილ ფიქსირებულ 6%-ს არასერიოზულად მიიჩნევს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე და ეჭვობს, რომ ეს ცვლილება მასაზე გათვლილი მორიგი საარჩევო დაპირებაა:

„თუკი რეფორმას ვახორციელებთ, უნდა ვთქვათ, რას ვაკეთებთ და შემდეგ იქედან გამომდინარე განვსაზღვროთ, რა თანხა გვჭირდება მის განსახორციელებლად. შეიძლება 6% საკმარისი არაა და 8% ან 12% გვჭირდება ან შესაძლებელია, 4% საკმარისია, მაგრამ როცა არ ვიცით რას ვაკეთებთ და უბრალოდ ვამბობთ, რომ დავხარჯავთ მშპ-ის 6%-ს უკვე თავისთავად მრავლისმეტყველია ჩემთვის და გაუაზრებელ ან საზოგადოებაზე გათვლილ საარჩევნო დაპირებას ჰგავს.

უნდა ვაღიაროთ, რომ 2012-დან 2019-წლამდე განათლებაში ჩადებული თანხები გაიზარდა, „ოცნების“ მთავრობა ყოველწლიურად ზრდის დაფინანსებას, თუმცა ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე აქამდე არ ასახულა. დაფინანსების გაზრდას გავლენა არ მოუხდენია არც საატესტატო გამოცდების და არც საერთაშორისო კვლევების შედეგებზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დავაანონსოთ და საზოგადოებას ვაცნობოთ, თუ რას ვაკეთებთ გამოყოფილი თანხებით, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად სწორი გზით მივდივართ და შემდეგ ვთქვათ, რა გვჭირდება გასაუმჯობესებლად.

ისეთ ვითარებაში კი, როგორშიც ახლა ვართ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იგივე სისტემაში გადავიხდით 2-3-ჯერ მეტს, ხოლო განათლების ხარისხი არ შეიცვლება“, – ამბობს სპეციალისტი.

ტაბატაძის თქმით, სახელმწიფომ 2007 წლიდან სოფლის სკოლების, მაღალმთიანი რეგიონების სკოლების, ეთნიკური უმცირესობების სკოლების დაფინანსების მუდმივი ზრდა დაიწყო, თუმცა ეს არ იყო დატვირთული კონკრეტული რეფორმით და შინაარსით.

„აჩვენა, რომ ამ დაფინანსების ზრდა, რომლის მიხედვითაც ერთ მოსწავლეზე ხშირად 3 000 ლარი იხარჯება, შედეგებში არ აისახება. მაგალითად, თუ „კინგსის“ ოლიმპიადების 2007 და 2012 წლების შედეგებს შევადარებთ, სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგები ქალაქის სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში გაუარესდა. იგივე, „კინგსის“ 2006 და 2011 წლის შედეგების შედარებით შედეგების გაუმჯობესებას დავინახავთ, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, იმასაც შევამჩნევთ, რომ გაუარესდა, როგორც ქალაქის ისე სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგები. უბრალოდ შერჩევა იყო განსხვავებული _  2011 წელს ქალაქის სკოლის უფრო მეტი მოსწავლე მოხვდა შერჩევაში და საერთო სურათი ამან გააუმჯობესა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სკოლებში ბევრი ფული ჩავდეთ, შედეგებში ეს არ აისახა.

ანალოგიური სიტუაციაა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებითაც, რომლებსაც სახელმწიფო 14%-ით უფრო მეტს უხდის, თუმცა ეს თანხა არაა დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ რეფორმებთან. 14%-ით უფრო მეტი იხარჯება არაქართულენოვანი სკოლებისთვის, თუმცა შიდა შეფასებები, საერთაშორისო კვლევები თუ საატესტატოები კატასტროფული მდგომარეობას აჩვენებს არაქართულენოვან  სკოლებში“, – აღნიშნავს ტაბატაძე.

მისივე განცხადებით, დღემდე ტენდენცია იყო დაფინანსების გაზრდისკენ, თუმცა თანხების გაზრდა არათუ ხარისხის ზრდას იწვევდა, არამედ, შედარებითი კლებაც ახლდა თან. „ასე რომ, მხოლოდ თანხაზე თუ ვისაუბრებთ და არაფერს ვიტყვით რეფორმებზე, შედეგად ვერაფერს მივიღებთ.“

„იმის თქმა, რომ განათლების დაფინანსება მუდმივად იქნება 6% არასწორია და არასერიოზული. რახან განათლების სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის 5% მაინცაა საჭირო, ლოგიკური იქნებოდა ეთქვათ, რომ დაიხარჯება არანაკლებ 5%. შეიძლება, რაღაც ეტაპზე საჭირო გახდეს 10%,  მერე კი 3-4%-იც საკმარისი იყოს, ეს დამოკიდებულია სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე. როდესაც სფეროში იმაზე მეტს ხარჯავ, ვიდრე იმ მოცემულ მომენტშია საჭირო, აკლდება სხვა რაღაცას. თუ ჯანდაცვაში დაიხარჯება ბიუჯეტის 25%, განათლებაში – 25%, გამოდის რომ ძალიან ბევრ რამეს უნდა მოაკლდეს ფინანსები ანუ მთელი ზეწოლა მოხდეს დღევანდელ გადამხდელზე და ბიზნესზე და მათი განვითარების ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ბიუჯეტი მივიღოთ;  რა თქმა უნდა, კარგია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ განათლება არის პრიორიტეტი და ამას ასახავს ბიუჯეტში. აქამდეც აცხადებდა სახელმწიფო, რომ განათლება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ გამოიხატებოდა დაფინანსების გაზრდით. ეს პოზიტიური ცვლილება კარგია, მაგრამ სისტემა უნდა იყოს რეფორმაზე მიბმული და არა მოჭრილ თანხებზე.

ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოში განათლების დაფინანსებაზე სახელმწიფოს წილი კი იზრდება, მაგრამ სახელმწიფო ქმნის ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ განათლებაში ინვესტირება მოხდეს კერძო სექტორიდანაც“,- ამბობს შალვა ტაბატაძე.

ამავე თემაზე:

2022 წელს განათლების სექტორის დაფინანსება 3 მილიარდს გადააჭარბებს და ყველა შემდგომ მთავრობას ექნება ვალდებულება

პრემიერ-მინისტრი ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვაზე საუბრობს – „უკვე გვაქვს შეთანხმებები საერთაშორისო ექსპერტებთან“

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური