GE

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სექტემბრის მონაცემებით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 25 მილიონი ლარია დახარჯული

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. აუდიტის მონაცემებით,  2019 წლის 6 თვეში სხვადასხვა სახელმწიფო პროექტებთან ერთად, ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 20,000,000-დან ათვისებულია 0%.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციაში მითითებულია, რომ მონაცემები ეხება 2019 წლის პირველ 6 თვეს, ანუ იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ სასწავლო დაწესებულებების სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან სასწავლო პროცესი უნდა დასრულებულიყო, სამუშაოები დაიწყო მაისის თვეში და ბუღალტრული მონაცემები აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვერ აისახა.

„ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხის ათვისების პრობლემა არ არსებობს და ბოლო მონაცემებით სრულადაა (დაახლოებით 25 მლნ ლარი) ათვისებული. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მაისში, რადგან სამუშაოების დასაწყებად  აუცილებელი იყო სკოლებში სასწავლო პროცესის დასრულება. სასწავლო წლის დასრულებისთანავე, სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო რაოდენობის სკოლაში ერთდროულად ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. სულ, ქვეყნის მასშტაბით, გარემონტდა 640-მდე სკოლა. აქედან, სასწავლო პროცესის დაწყება 1 ან 2 კვირით გადაიდო მხოლოდ 10-მდე სკოლაში. სექტემბრის ბოლოს ყველა სკოლა სრულყოფილად იმუშავებს.საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სამუშაოების სპეციფიკამ განაპირობა სწორედ ის, რომ ბუღალტრულად 2019 წლის 6 თვის ათვისების მაჩვენებელი განსხვავდება 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან, რომელიც არათუ შესრულებული, არამედ გადაჭარბებითაა შესრულებული“, – აცხადებენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სხვადსხვა პროექტების მიმდინარეობის ვადებსა და ხარვეზებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენიშვნებთან დაკავშირებით ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მისი თქმით, ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია.

”გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება გადავადებას ან შეუსრულებლობას, სამინისტროს დღევანდელი ბიუჯეტი არის რეკორდულად მაღალი და ასევე, რეკორდულად მაღალია ამ ბიუჯეტის შესრულება. ჩვენი 6 თვის შესრულება არის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე – 200 მილიონ ლარზე უფრო მეტი; ჩვენი ყველა პროექტი მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპით და თუ რომელიმე პროექტში არის აუთვისებლობა, მისი დაბალანსება ხდება სხვა პროექტით – ისეთი პროექტებით, სადაც უკეთესი ათვისება გვაქვს. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მთავარია, რომ მთლიანობაში სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებით  არათუ შეუსრულებლობა, არამედ  გვაქვს გადაჭარბება და ბევრად უკეთესი სურათი, ვიდრე ოდესმე გვქონია“, – ამბობს მაია ცქიტიშვილი.

აუდიტის სამსახური: ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 20,000,000-დან ათვისებულია 0%

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური