GE

ინგლისის განათლების მინისტრი სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვის ინიციატივით გამოდის – რას ამბობს კვლევები მობილურის სკოლაში გამოყენების შესახებ?

დიდი ბრიტანეთის ზოგადი განათლების მინისტრი ნიკ გიბბი  სკოლებში მობილურების ტარების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. ის სკოლებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებულ მითითებების გამოქვეყნებას არ დაელოდა და მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმის თაობაზე, თუ რამდენად არ ემხრობა მოსწავლეების ონლაინ სივრცეში დიდი დროის გატარებას. ცხადია, სკოლებს აქვთ უფლება, არ გამოაყენებინონ შენობაში ბავშვებს მობილური, მაგრამ მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, პედაგოგებმა გაიაზრონ, თუ რამდენად საჭიროა მსგავსი აკრძალვები.

მანჩესტერის განათლებისა და ლიდერობის აკადემიის  პრეზიდენტმა  და უფროსმა პედაგოგმა პეტსი კეინმა  მინისტრის გეგმას უწოდა „დაკარგული წერტილი“.

როგრც კეინმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა, მისი აკადემიის პედაგოგები გაკვეთილებზე სმარტფონებს ხშირად იყენებენ, მაგრამ არასაჭირო მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი სისტემიდან გამოვარდება.

„მობილური აპლიკაციების მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობა არსებობს და მოსწავლეებს მათი ათვისების დიდი სურვილი აქვთ“,- აღნიშნავს ის.

მინისტრის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს მასწავლებლების პროფკავშირიც.

ბევრ სკოლაში კი მოსწავლეებს მობილურის ტარება შინა განაწესის მიხედვით ეკრძალებათ.

ბოლო პერიოდში, აღნიშნული საკითხის ირგვლივ სხვადასხვაგვარი მოსაზრებები არსებობს და ეს ლოგიკურია, რადგან კლასში მობილურის გამოყენებას აქვს როგორც უარყოფითი, ისე დადებითი მხარეები. გასული ათწლეულის მანძილზე ამასთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარდა, რომლებიც მოსწავლეებისა და განათლების სპეციალისტების მოსაზრებებზე დაყრდნობით არის შექმნილი.

ერთ-ერთი მათგანი 2012 წელს ინგლისის ორ სკოლაში ჩატარდა, რომელთაგან ერთი მოსწავლეებს გაკვეთილზე მობილურის გამოყენების საშუალებას აძლევდა, მეორე – არა. შედეგების მიხედვით, მეორე სკოლის მოსწავლეთა 43% მაინც იყენებდა მობილურს სწავლის პროცესში დახმარებისთვის. ხოლო იქ, სადაც მობილური ნებადართულია, დასახმარებლად მას მოსწავლეთა 74% მიმართავს. მოსწავლეთა თქმით, ისინი ყველაზე ხშირად იყენებენ GOOGLE-ის საძიებო სისტემასა და კალენდარს, ჩანიშვნების გასაკეთებლად. სახლში მეცადინეობის დროს კი ძირითადად სმარტფონებს ეყრდნობიან.

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ კლასში მობილურის თავისუფლად გამოყენების უარყოფითი შედეგებიც ცხადყო. 10-დან 7 მოსწავლე თვლის, რომ სმარტფონი სწავლაში ეხმარება და მას  მიზნობრივად იყენებს, თუმცა დაახლოებით 30 %-ზე მობილური უარყოფით გავლენას ახდენს.

გასული წლის ოქტომბერში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის უფროსმა მრჩეველმა სარა ჰანაფინმა განაცხადა, რომ  მობილურების აკრძალვის მომხრე არაა:

„ზოგიერთ სკოლაში მობილური აპლიკაციების გამოყენება შედეგიანია,  თუმცა არ არსებობს ერთი პოლიტიკა, რომელიც ყველა სკოლაში თანაბრად წარმატებული იქნება.

სკოლების მიზანი მოსწავლეების ცხოვრებისთვის მომზადებაა. უნდა მივცეთ მათ ამის გაცნობიერებისა და საკუთარი სტრატეგიების შემუშავების საშუალება. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, როგორიც მაგალითად,  ტექნოლოგიაზე მიჯაჭვულობაა. აშკარაა, რომ მობილური ტელეფონების აკრძალვა უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს“, – ამბობს ჰანაფინი.

ამავე თემაზე:

მობილური ტელეფონი სკოლაში – ქაოსი გაკვეთილზე, თუ ტექნოლოგიებთან დაახლოება – როგორია ქართველი პედაგოგების გამოცდილება

წყარო: bbc; teachermagazine

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური