GE

ინოვაციები განათლების სფეროში: რა მუშაობს, რა არა და რაშია გამოსავალი?

პროგრესი და ინოვაციები განათლების სისტემისთვის აუცილებელია, მაგრამ ის ყოველთვის წარმატებით სრულდება? რის საფუძველზე უნდა შემუშავდეს რეფორმა და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მოსალოდნელი საფრთხეები? ეს საკითხები 2017 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის განათლების მკვლევარმა პიტერ სერდიუკოვმა შეისწავლა. მის კვლევაში აშშ-ის მაგალითზე განხილულია  საგანმანათლებლო ინოვაციების მნიშვნელობა, მისი ინტეგრირებულობა კოლეჯებსა და სკოლებში. ის სვამს კითხვას, თუ რატომ არ აქვს ინოვაციას ყოველთვის დადებითი შედეგი.  კვლევის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციებიც.

„განათლება, რომელიც ადამიანის საჭიროებებს ემსახურება, აუცილებელია საზოგადოების წინსვლასა და წარმატების მიღწევაზე იყოს ორიენტირებული. ამ მიზნების მისაღწევად კი სისტემის დახვეწილობა და მდგრადობა საკმარისი არაა. ის უნდა იყოს განვითარებადი, სწრაფი და მორგებული სამყაროს ახალ გამოწვევებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს უსისტემობას. პირიქით, თითოეული ინციატივა უნდა იყოს თანმიმდევრული, სისტემური და აწონვადი (ღირებული, მასშტაბური). შესაბამისად,  ინიციატორების გუნდი უნდა შედგებოდეს სკოლის პედაგოგების, პროფესორების, მკვლევრების, ადმინისტრატორებისა და პოლიტიკოსებისგან, რათა შემუშავებული თეორია შეესაბამებოდეს სწავლა/სწავლების არსებულ სისტემას და უზრუნველყოფილ იქნას მოსწავლის სრულფასოვანი მომზადება ცხოვრებისა და მუშაობისთვის. „ინოვაცია ჰგავს მუტაციას, ბიოლოგიურ პროცესს, რომელიც მიმართულია ორგანიზმის განვითარებისკენ“ (ჰოფმანი). ასე რომ, ინოვაცია დადებითი ცვლილებების ინსტრუმენად ითვლება, თუმცა ყოველთვის ასე არაა“,- ვკითხულობთ კვლევის აბსტრაქტში.

ინოვაცია სამი ნაბიჯისგან შედგება:  იდეა, განხორციელება, და შედეგი. მიზანი კი ერთი – საუკეთესო ცვლილებაა. საგანმანათლებლო ინიციატივა შეიძლება გულისხმობდეს ახალ პედაგოგიურ თეორიებს, მეთოდურ მიდგომებს, სწავლების მეთოდებს, სასწავლო რესურსებს. საგანმანათლებლო სისტემაში დანერგილი თითოეული ინოვაციის მიზანი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. საშუალო განათლების რეფორმის გარეშე უმაღლესი განათლების რეფორმირება უშედეგო და ფინანსების ტყუილი ხარჯვაა.  მნიშვნელოვანია იდეა პასუხობდეს სამ კითხვას: ვისთვისაა ინოვაცია, როგორ მუშაობს და რას მოელიან მისგან.

ბევრ პედაგოგს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ გრანდიოზული რეფორმები ან ახალი ტექნოლოგია  განათლების სისტემის მთლიან გარდაქმნას მოახდენს, თუმცა შემდეგ აანალიზებენ, რომ არც ერთი მათგანი უშუალო გავლენას არ ახდენს არც პედაგოგზე და არც მოსწავლეზე. ხშირ შემთხვევაში, ამ სფეროში განორციელებული ცვლილებები არ ვრცელდება რუტინულ საკითხებზე, სწავლების პროცესზე.

საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციის შეტანა არ გულისხმობს მის გამოყენებას მხოლოდ სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მისი ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების  აქტიურობა და მზაობა სისტემის უკეთესობისკენ შეცვლისთვის. იუნესკოს მხარდაჭერით 2013 წელს  ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ რეფორმა მხოლოდ მაშინაა წარმატებული თუ სკოლა, პედაგოგები და ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს მას და თავის წვლილს შეიტანს ინიციატივის განხორციელებაში. ამისთვის კი იდეის ავტორების მოტივაცია და ენერგიულობა არაა საკმარისი, ისინი უნდა იმსახურებდნენ ნდობას (როგორც პედაგოგები ფინეთში) და მათი მთავარი გამოწვევა რეფორმების მომავალ თაობებზე მორგება უნდა იყოს, მაგრამ მაინც ისმის კითხვა:  რა ცვლილებები გვჭირდება და რა არა? და რა არის ინოვაციური სიცრუე?

ფინელი განათლების სპეციალისტი პასი სალჰბერგი თავისი ქვეყნის მაგალითზე გვიხსნის, რომ მსოფლიოში გატარებული ყველა რეფორმის საკუთარ თავზე გამოცდა საჭირო არაა. მას მაგალითად ის რეფორმები მოჰყავს,რომლებიც ბევრ ქვეყანაში პოპულარულია, ფინეთმა კი მათ მიღებაზე უარი თქვა:

სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ხშირი ტესტირებები

სასწავლო პროგრამის მინიმალიზაცია

ინოვაციური სტრატეგიების სწავლების შემცირება

ადგილობრივი ინოვაციების განვითარებისა და პრობლემების გადაჭრიეს გზების ძიების ნაცვლად საგანმანათლებლო იდეების გარე წყაროებიდან მიღება.

მაღალი წილის ანგარიშვალდებულება პოლიტიკასთან.

ამ რეფორმების გატარების ნაცვლად, ფინელები თავიანთ გზას მიჰყვებიან. ბოლო წლებში სკოლები თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა, მაგრამ საკამათოა მათი ეფექტურობა. ამის შესახებ განათლების სპეციალისტი ლარი კობანი თავის წიგნში საუბრობს:

„2010 წლიდან სკოლებში დაიწყო ლეპტოპების, ინტერაქტიული თეთრი დაფებისა და სხვა თანამენდროვე ტექნოლოგიის შეტანა, მაგრამ მუშაობს ეს? ამისთვის ხომ მილიონობით დოლარი დაიხარჯა. შეცვალა, გააუმჯობესა სწავლების ხარისხი ან მუშაობის პროცესი გახადა უკეთესი? ეს კითხვები აწუხებს ადმინისტრატორებსა და პოლიტიკოსებს, მათზე პასუხები კი  არის, „არა“, არა“ და “არა“, რაც გვაფიქრებინებს, რომ  ტექნოლოგია არ არის უკეთესი სწავლების გარანტი“, – წერს ის.

განსხვავებით კობანისგან განათლების ზოგიერთი მკვლევარი აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიური სიახლეების შეტანაზე. მათი მიზანია, განათლებაში თამაშების, სიმულაციების, აპლიკაციების ჩართვა. განათლების სპეციალისტების ლინდა ბაერისა და ჯეიმს მაკკორმიკის აზრით, 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სვეტის მშენებლობის მთავარი იარაღები ციფრული რესურსები, კომპიუტერული პროგრამები და მობილური სწავლებაა. ისინი თვლიან, რომ საუკეთესო შედეგი თანამედროვე მიღწევებისა და ძველი ფუნდამენტური მეთოდების ინტეგრირებით მიიღწევა.

საინტერესოა, რომ ინოვაციების დიდი ნაწილი მატერიალურია და დიდი წილი ტექნოლოგიურ სიახლეებს უჭირავთ. ხშირად ეს სასარგებლოა, მაგრამ სადაა არამატერიალური ინოვაციები? მაგალითად, თეორიული საფუძვლები, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, სწავლების მეთოდოლოგია – ესენი ხომ სწავლა/სწავლების ჭეშმარიტი საფუძველია? როგორც ჩანს, განათლების სფეროს წარმომადგენლები სიახლის დანერგვისას აქცენტებს მატერიალურზე აკეთებენ და რა გასაკვირია, რომ სტუდენტებიც ძირითადად მხოლოდ მატერიალური დიპლომებითა თუ სერტიფიკატებით არიან დაინტერესებულნი და არა არამატერიალური ცოდნით.

იუნესკოს კვლევაში ინოვაციური სწავლა/სწავლების შესახებ ნათქვამია:

„ტექნოლოგია პედაგოგების მხარდასაჭერად კარგი იარაღია, მაგრამ ის არაა ჯადოსნური ინგრედიენტი“ (2013)

როგორც მკვლევრები ჟაო და ფრანკი ამტკიცებენ, ტექნოლოგიით სკოლის აღჭურვისას უნდა გვაინტერესებდეს, არა იმ კომპიუტერთა რაოდენობა, რომლებიც სკოლაშია, არამედ მათი გამოყენების შედეგები და კითხვა უნდა დავსვათ ასე  – როგორ ეხმარება თითოეული კომპიუტერი  მოსწავლეს, მათემატიკის, ლიტერატურისა თუ მეცნიერების შესასწავლად, რამდენად პროდუქტიულია ამ ტიპის ინტეგრირება?

კომპიუტერები სკოლებისთვის მზადაა, მაგრამ ვართ ჩვენ მზად მათ მისაღებად? გვაქვს კი საკმარისი ცოდნა სწავლებაში მათ გამოსაყენებლად? ტექნოლოგიური ინოვაცია საბოლოოდ პედაგოგიურ ინოვაციას მართავს. ეს გზა ნელი და რთულია, მოითხოვს უზარმაზარ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს. მსოფლიო მასშტაბით საგანმანათლებლო სისტემებზე ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ მისი წარმატებულობის საფუძველი მასწავლებლის პროფესიონალიზმია.

სწავლა/სწავლების პროცესში ტექნოლოგიის გამოყენებამდე უნდა განვიხილოთ მოსალოდნელი რისკები, ხარჯები და სარგებელი. ყველა ტექნოლოგიური პროგრამა მოითხოვს სწავლებაში მისი გამოყენების  შესაბამის თეორიულ საფუძველს, რომელიც  მიზანმიმართული, სისტემური კვლევის შედეგია და მიზნად ისახავს  სწავლების ეფექტურობის გაზრდას უარყოფითი ეფექტების შემცირების ფონზე.

აქედან გამომდინარე,  ინოვაცია წარმატებულია, როცა იდეა მრავალმხრივაა გაანალიზებული და მიზნად ისახავს მოსწავლის კრეატიულობის, კრიტიკული აზროვნების განვითარებას. წარმატების მისაღწევად ინოვაციური განათლება უნდა გახდეს საყოველთაო სურვილი და საზოგადოებამ ამის პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ძალისხმევა უშედეგოდ ჩაივლის.\

ამავე თემაზე:

როგორ გაიმიჯნება სკოლებში ინტერნეტით სწავლა და გართობა? – რას ფიქრობს სამინისტრო, ფსიქოლოგი და პედაგოგი

„მოსიარულე ლაბორატორია“ და „სთრიმინგ გაკვეთილები“ – რა ინოვაციებს გეგმავს განათლების სამინისტრო სკოლებში

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური