GE

ინსტიტუციური მეხსიერება (რელიგიის ისტორიის სწავლების საკითხზეც) უნდა არსებობდეს

გუშინდელი დღის თემად სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების არჩევით საგნად შემოტანის საკითხი იქცა. თემა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გახმოვანებულმა ინფორმაციამ – „მიმაჩნია, რომ რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს და მივდივართ აქეთკენ“,– აღძრა. კონტექსტით, მინისტრის ეს ,,სვლა“ უკავშირდება სკოლებში ძალადობის პრევენციას  და პატრიარქის ქადაგებას.

რელიგიის ისტორიას სკოლებში ინტეგრირებულად ისტორიაში, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებაში დღესაც ასწავლიან და ეს ესგ-შიც არის ასახული. განსახილველად გამოქვეყნებულ ახალი ეროვნული ასწავლო გეგმის საბაზო საფეხურის ნაწილში ასეთ დამოუკიდებელ საგანზე საუბარი არ არის. თუმცა კურიკულუმის ჯგუფში იმას ადასტურებენ, რომ საშუალო საფეხურის ნაწილში, რომელზე მუშაობაც ახლა დაიწყო, არჩევით საგნებს შორის რელიგიის ისტორიაც მოაზრება.

სოციალურ ქსელებში ამ საკითხზე დებატები მიმდინარეობს. EDU.ARIS.GE-მ განსასჯელ საკითხზე კომენტარები არასამთავრობო სექტორში მომუშავე განათლების ექსპერტებს სთხოვა.

თამარ მოსიაშვილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი: „რელიგიის ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი ნეგატიური გამოცდილება, რომ ბევრგან რელიგიის ისტორიის სწავლება იქცა დომინანტური რელიგიის სწავლებად. მეორეც, დღევანდელი ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება რაიმე დადებითი შედეგს ვერ გამოიღებს. არსებობს გარკვეული რისკი, რომ რელიგიის ისტორიის სწავლება კონკრეტული რეგიონისა და კონკრეტული სასკოლო საზოგადოებისთვის მისაღები რელიგიის სწავლებად იქცევა. ამას შეიძლება მოჰყვეს ბავშვთა უფლებების დარღვევა, ხელი არ შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო პატრიოტიზმის განვითარების პროცესს. ანუ არ მოხდეს იმ საფუძვლების  გაძლიერება, რაც ჩვენს საზოგადოებას აერთიანებს და მოხდეს პირიქით.

„არ ვართ მზად კადრების თვალსაზრისითაც. ვინ უნდა ასწავლოს ეს საგანი, რამდენად პროფესიონალი იქნება ეს ადამიანი, რომ ასწავლოს ეს საგანი. რელიგიის ისტორიის საკითხები ამჟამადაც ისწავლება სხვა საგნების ფარგლებში და ამიტომაც ეს ამორფული, ბუნდოვანი შემოთავაზებაა და საზოგადოების გარკვეული წრეების მხრიდანაც ასევე ბუნდოვნად არის აღქმული. სრულიად გასაგებია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რელიგიის სკოლაში სწავლება უნდოდეს. ასეთი გამოცდილებები არსებობს, როდესაც სახელმწიფო აღიარებს რამდენიმე რელიგიას (მაგალითად ავსტრიაში) და შემდეგ თვითონ აფინანსებს ამ რელიგიის სწავლებას სხვადასხვა ეკლესიების მსახურთა მიერ. თითოეულ მოსწავლეს (მშობელს) აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის მისაღები რელიგიის სწავლება. არის სახელმწიფოები, რომლებიც რელიგიურ სწავლებებს არ აფინანსებენ, ასეთია ჩვენი სახელმწიფო, ასეთია ევროპული და სხვა განვითარებული დემოკრატიის სახელმწიფოები; ანუ მრავალნაირი მოდელი არსებობს და ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი მოდელი. ჩვენ გვაქვს ნეგატიური გამოცდილება ამ მიმართებით  და თან გვაქვს გამოწვევა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო პატრიოტიზმის განვითარება, ჩვენი მოქალაქეების ერთობის განვითარება.

„რაც შეეხება მოლოდინს, რომ რელიგიის ისტორიის სწავლება სკოლაში ძალადობას შეამცირებს, იგივეა ვთქვათ, რომ სკოლასში მათემატიკის ან ქიმიის სწავლება ძალადობას შეამცირებს. ზოგადად, განათლება მოიაზრება ძალადობის პრევენციის გზად. კონკრეტულად ამ საგნის დაკავშირება ძალადობის პრევენციასთან არასწორად მიმაჩნია. ძალადობის პრევენციის გეგმა კონკრეტულმა სკოლამ თავისი მოცემულობისა და საჭიროებების მიხედვით უნდა შეადგინოს და წარმართოს. დედაქალაქში მომხდარი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე რომ ვიმსჯელოთ, დიდკონტიგენტიან სკოლაში გამოეპარათ მოზარდების მღელვარების, ან ამისი მიზეზების შემჩნევა. ის ორი მოზარდი სკოლიდან მშვიდობიანად გავიდა, მათ გულში რა ჰქონდათ, ამას ვერც კამერები აღიქვამდნენ და ვერც მანდატურები. დიდკონტიგენტიან სკოლებში სხვა ტიპის უსაფრთხოების პროგრამები, ჯგუფები უნდა შეიქმნას, რომელიც ყოველწლიურად განაახლებს ამ პროგრამებს. იმის თქმა მინდა, რომ პრევენციის უნიფიცირებული მიდგომის შეთავაზება, არ იქნება სწორი. რელიგიის ისტორიის სწავლება აქ საყრდენად არ გამოგვადგება. იმისდა მიუხედავად, რომ რელიგიამ შექმნა, ძალიან ბევრი ხალხის და მათ შორის, ქართველი ხალხის კულტურა, ღირებულებები; მინისტრის ადგილას ამას არ გავრისკავდი.“

რევაზ აფხაზავა, კოალიცია „განათლება ყველასთვის“: „ამ ეტაპზე, ამ საკითხის წამოწევა აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, ამას სჭირდება შესაბამისი მზაობა და რესურსები. ეს საკითხი კი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არადროულია, რადგან არც რესურსი გვაქვს და თან გვაქვს ნეგატიური გამოცდილება. საკმაოდ რთული ფონია,  სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები გვყავს და ეს რჩება ძალიან მგრძნობიარე თემად. ჩვენ გაცილებით სერიოზული პრობლემები გვაქვს, როგორიცაა განათლების დაფინანსება, მასწავლებლების პროფესიული განვითარება და ამაზე უფრო რომ კონცენტრირებულიყო საზოგადოებაც და ხელისუფლებაც, უკეთესი იქნებოდა.

თუ ეს არის მიმართული იქითკენ, რომ ძალადობა აღმოიფხვრას სკოლებში, პირიქით, გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ეს მიდგომა უფრო ძალადობის წარმომშობი იყო, ვიდრე –თავიდან ამრიდებელი და ამ გამოცდილებაზე მაინც ვისწავლოთ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გარკვეული ინსტიტუციური მეხსიერებაც უნდა არსებობდეს, რომელიც ამ გამოცდილებას გაითვალისწინებდა. ჩვენ გვახსოვს, როგორ ხდებოდა ინდოქტრინაციის და ასე შემდეგ შემთხვევები. ეს ძალიან საფრთხილო საკითხია და ხელაღებით ინიციატივები სისტემისთვის სიკეთის მომტანი არ იქნება. მით უფრო, რომ რესურსები –არ გვაქვს,  გამოცდილება კი გაჩვენებს, რომ ეს მიდგომა არ მუშაობს, და უფრო კონტრპროდუქტიულია. რაც შეეხება რელიგიების ისტორიის სწავლებას, ეს ინტეგრირებულად ისედაც ხდება.

და საინტერესოა,  რას ეყრდნობა ასეთი გადაწყვეტილების მიღების სურვილი?“.

მინისტრი: „რელიგიის ისტორია, როგორც არჩევითი საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს“

მოამზადა  ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური