GE

ინტერნეტით 6-14 წლის ასაკის ბავშვების 91,3% სარგებლობს – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლებს აქვეყნებს. ინფორმაცია 2021 წლის ბოლო სამი თვის მონაცემებს შეიცავს და 10 სექტემბერს გამოქვეყნდა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77.4 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი საქალაქო დასახლებებში 83.8 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში 67.6 პროცენტია.

ინტერნეტით 6-14 წლის ასაკის ბავშვების 91,3 პროცენტი სარგებლობს – ასეთია სტატისტიკური სამსახურის ბოლო სამი თვის მონაცემები ამ ასაკობრივ ჯგუფში.

ბოლო 3 თვის განმავლობაში, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 60.8 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით. მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 71.1 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 45.1 პროცენტი.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით კი, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 84.5 პროცენტი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 86.3 პროცენტი ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. კონკრეტულად კი 6-14 წლის ასაკის მოსახლეობის 52 პროცენტი ფლობს მობილრ ტელეფონს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 63.8 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 74.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში – 49.7 პროცენტი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი ეს მაჩვენებელი აჭარის ა.რ.-სა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად – 79.1 და 74.9 პროცენტი შეადგინა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური