GE

იქნება თუ არა გაცვლითი პროგრამები წელსვე? – ირაკლი ღარიბაშვილი პროფესიულ განათლებაზე

6 ივნისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენება უნდა გაიტანონ.

„2021 წელს, დაიწყო მუშაობა გურჯაანში გასტრონომიული აკადემიის დაფუძნების მიზნით“, – ასეთია ერთი პუნქტი, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მომზადებულ დოკუმენტში პროფესიული განათლების შესახებ წერს.

მთავრობის მეთაურის მოხსენება, „სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ“, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, პარლამენტს 31 მაისს გაეგზავნა.

იმ ნაწილში, რომელიც პროფესიულ განათლებას ეხება, პრემიერი წერს, რომ საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა საქართველოს პროფესიული განათლების 2022 − 2027 წლების სტრატეგიასა და მის შესაბამის სამოქმედო გეგმაზე, რომლის მიზანიც ყველა ადამიანისათვის მთელი ცხვრების მანძილზე კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფაა, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

პროფესიული განათლების 2021-2025 სტრატეგიის პირველადი სამუშაო ვერსია გამოქვეყნდა

პრემიერ-მინისტრი შესრულებული საქმეების ჩამონათვალში თვლის იმასაც, რომ 2021 წლიდან ამოქმედდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის ერთიანი წესი, რომლის თანახმად, 2021 წელს, პირველად, ერთიანი მიღების ფარგლებში გახდა შესაძლებელი პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში. ჩარიცხვის პროცესში გამოყენებულია მრავალფეროვანი მექანიზმები, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის ალტერნატიული პროცედურა.

“ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამისობაში მოვიდა ხარისხის უზრუნველყოფის ახალ სტანდარტებთან, პროფესიული სისტემის ახალმა მოდელმა კი გაზარდა კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები, როგორც საჭირო უნარების იდენტიფიცირების, ასევე სტუდენტთა სწავლებისა და შეფასების პროცესებში. მომზადდა და დასამტკიცებლად ინიცირებულია გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომლებიც 2022 წლიდან ამოქმედდება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, დასრულდა მუშაობა პროფესიული განათლების მასწავლებლის განვითარების ახალი მოდელის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორებიცაა: მასწავლებლის სტანდარტი, პროფესიული განვითარებისა და მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა. 2022 წლიდან მიმდინარეობს მასწავლებელთა განვითარების ახალი მოდელის დანერგვა.

“პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიიღო 77-მა იურიდიულმა პირმა 400-მდე მოკლევადიან პროგრამაზე, საიდანაც 17 დაწესებულება კერძო სექტორის წარმომადგენელია. მოკლევადიან პროგრამებზე ჩაირიცხა 7800-მდე პირი. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი შეადგენს 76.4%-ს. გრძელდება მუშაობა პროფესიული განათლების სისტემის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით და შედეგად გაიზარდა ე. წ. დუალური პროგრამების რაოდენობა, სადაც ირიცხება 400-ზე მეტი სტუდენტი. 2022 წლის მიღების ფარგლებში, დუალურ პროგრამებზე გამოცხადებულია 639 თავისუფალი ადგილი. ინტეგრირებულ პროგრამებზე 27-მა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (23 საჯარო და 4 კერძო) გაიარა ავტორიზაცია, სადაც 550-მდე საბაზო განათლების მქონე სტუდენტი სწავლობს. 2022 წლის მიღების ფარგლებში ინტეგრირებულ პროგრამებზე გამოცხადებულია 1068 თავისუფალი ადგილი”, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში.

მთავრობის მეთაურისთვის აღსანიშნი ფაქტია, რომ არაფორმალური განათლების აღიარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, დაინერგა არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების სისტემა. ასევე, შეიქმნა და დაინერგა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და პროფესიული განათლების საინფორმაციო პორტალი.

პრემიერი მოხსენებაში აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების გეოგრაფიული ქსელის გაფართოება. 2021 წელს, სტუდენტები/მსმენელები პირველად მიიღეს ახლად დაფუძნებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა კასპში, მარნეულში, ჩოხატაურში, ფოთში, ქედასა და შუახევში. ამ კუთხით ახალი ლოკაციების განვითარება კი იგეგმება ხაშურში, წყალტუბოში, ლანჩხუთსა და ბორჯომში. თელავში − ღვინის სკოლა, ხოლო დუშეთში ტურიზმის სკოლა გაიხსნება.

ასევე იხილეთ:

პროფესიული განათლების 2021-2025 სტრატეგიის პირველადი სამუშაო ვერსია გამოქვეყნდა

„დიპლომების განათლება კი არა, ცოდნის განათლება უნდა გვქონდეს“, – განათლების კომიტეტის ხელმძღვანელი სისტემაში არსებულ პრობლემებზე და 2022 წლის სამოქმედო გეგმაზე

„პრობლემები განათლებაში“ – ერთ საქაღალდეში შეკრებილი სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების გასაჭირი პედაგოგისგან

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური