GE

ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს: ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა აბიტურიენტებს სრულფასოვანი, კომფორტული და აკადემიური გარემო ჰქონოდათ.

“ძვირფასო აბიტურიენტებო,

თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.

მე ღრმად მწამს, რომ ცოდნა და განათლება, მეცნიერება და შემოქმედება არის ის, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობათა გამოვლენისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეექმნა.

კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ წარმატებით გაართვათ თავი გამოცდებს და ღირსეულად შეუდგეთ ცხოვრების ახალ ეტაპს”, – წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 4 ივლისს დაიწყო.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური