GE

ისრაელში არავაქცინირებულ მასწავლებლებს უკვე აღარც ხელფასს გადაუხდიან

ისრაელის სკოლებში მასწავლებლებს ე.წ. “მწვანე პასპორტის” გარეშე 2 სექტემბრიდან არ უშვებენ.  ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილებით კი, ასეთ პედაგოგებს 3 ოქტომბრიდან ხელფასსაც აღარ გადაუხდიან. ამის შესახებ გამოცემა Times of Israel წერს.

არც დისტანციურად მუშაობის საშუალება არ მიეცემათ პედაგოგებს, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ არ ექნებათ, რაც ვაქცინაციის, კორონავირუსის გადატანის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დადასტურებას გულისხმობს.

მართალია სიახლე 210 ათასიდან მხოლოდ 300 მასწავლებელს შეეხება, თუმცა საკითხზე მსჯელობა მაინც მიმდინარეობს.

მასწავლებელთა პროფკავშირების ხელმძღვანელი რან ერეზი მომხრეა არავაქცინირებული პედაგოგები არ შეუშვან სკოლაში, თუმცა მათთვის ხელფასის შეწყვეტას არ ეთანხმება. მანვე სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლის თანახმად, სკოლაში არ უნდა დაუშვან არც მწავნე პასტორტის არ მქონე 12 წლის ზემოთ მოსწავლეები. ამ საკითხს სასამართლო 20 ოქტომბერს განიხილავს.

ისრაელის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხალ კოენი აცხადებს, რომ „აბსოლუტურად წარმოუდგენელია კლასში შევიდეს არავაქცინირებული პედაგოგი, რომელიც ამავდროულად უარს ამბობს ტესტირებაზე“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური