GE

ისტორიაში ტესტს საუკეთესოდ აბიტურიენტების 5% ასრულებს – როდის დაიდება შედეგები

2017 წლის ისტორიის არჩევითი საგნის გამოცდა დასრულდა. აბიტურიენტებმა მეორე სესიის შემდეგ EDU.ARIS.GE-სთან ტესტების შინაარსსა და ხასიათზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, მეორე სესიაზე აპლიკანტებს ისტორია არცთუ ისე გაძნელებიათ.

„პირველ 29 კითხვაში თითქმის ყველაფერი შემხვდა, დაწყებული ძველი დროიდან დამთავრებული თანამედროვეობამდე. ვენის კონგრესზე იყო ერთი კითხვა, დანარჩენი არ მახსოვს. წყარო გასაანალიზებლად შემხვდა თამარ მეფეზე „ქართლის ცხოვრებიდან“ , შამქორის ომზე,  და ძალიან ადვილი იყო. 12 კითხვა იყო ამ დავალებაში.

ასევე ქრონოლოგიები იყო დასალაგებელი. მოცემული იყო რუკა, ამერიკის აღმოჩენაზე და სახელმწიფოები, რომლებიც მის აღმოჩენაში მონაწილეობდნენ. პრუსია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინგლისი და პორტუგალია. თუ რაღაცა გაგეგებოდა, ადვილი იყო ჩაბარება“, – გვითხრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.

„ილუსტრაციებში მოვიდა გაზეთიდან ნაწყვეტი, ფემინიზმის თემაზე. მეორე ილუსტრაცია გერმანიის გაერთიანებაზე იყო. წყარო – თამარ მეფეზე. ადვილი იყო, იმიტომ რომ კითხვეზე პასუხი წყაროს მიხედვით უნდა გაგეცა. ამერიკაში მონობის გაუქმებაზე იყო. დავით მეშვიდეს მონღოლების ყაენმა რომ სთხოვა ეგვიპტეში ელაშქრა, არგუმენტირებული მსჯელობა მაგაზე უნდა დაგეწერა.  რუკა დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე იყო. უფრო არგუმენტირებული მსჯელობა გამიჭირდა. კლისთენე, პერიკლე და სოლონი როდის მოღვაწეობდნენ, ქრონოლოგიურად ეს თარიღები უნდა დაგელაგებინა და კიდევ იყო ინგლისის ისტორიიდან რაღაც ქრონოლოგია“, – აღნიშნა აბიტურიენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ.

როდის დაიწყება ნაშრომების გასწორება, როდის უნდა ელოდონ აპლიკანტები შედეგებს, რომელი ტიპის დავალების შესრულება უჭირთ მათ ისტორიის ტესტში, ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი ესაუბრა.

–აბიტურიენტებს, განსაკუთრებით პირველი სესიის დროს, რუკაზე მოცემული დავალება ერთულათ. თქვენი აზრით, რომელი დავალება იყო ისტორიაში რთული?

–რთული, ადვილი ძალიან სუბიექტური ცნებებია. შეიძლება რომელიღაც კონკრეტული დავალება ვიღაცისთვის რთული და ვიღაცისთვის მარტივი იყოს. ეს არის სუბიექტური შეფასებები. საბოლოო ანალიზი როდესაც ჩატარდება, გამოვლინდება რომელი დავალება იყო უფრო რთული ამ პოპულაციისთვის. მხოლოდ კვლევის დასრულების შემდეგ დაიდება ეს შედეგი, რომელი დავალება როგორი იყო.

ვარიანტებს შორის ისე ვაკეთებთ, რომ, ფაქტობრივად, არ არის განსხვავება მათ შორის, იმიტომ რომ როცა ანალიზი კეთდება, არ არსებობს, რაიმე სერიოზული განსხვავება. ფაქტობრივად, ერთნაირად მიდის სირთულეების დონე.

თვითონ ის ფაქტი, რომ გამოცდამ მშვიდად ჩაიარა და კითხვებიც არ ყოფილა შინაარსთან დაკავშირებით, მოწმობს, რომ ტესტი მკაფიო იყო და არაფერი გაუგებარი აბიტურიენტებისთვის, არაფერი არაპროგრამული არ ყოფილა. მე მგონია, რომ საკმაოდ კომფორტული ტესტია. ისეთი სირთულის იყო,  როგორიც წინა წლებში.

–როგორი მოლოდინები გაქვთ ამ გამოცდასთან დაკავშირებით?

–ისეთი, როგორიც წინა წელს იყო. არის საუკეთესოდ შესრულებული ტესტი, ასეთი შეიძლება იყოს მაქსიმუმ  5% პოპულაციის. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ვერ შეძლებენ მინიმალური ზღვრის გადალახვას. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ძალიან დაბალი იქნება ასეთი პროცენტი. ძირითადი რაოდენობა, ალბათ, საშუალო ქულებს აიღებს. საერთოდ ტესტი ისეთი უნდა იყოს, რომ საშუალო 50%-ზე უნდა იყოს გათვლილი. დაახლოებით, ისეთივე შედეგები იქნება, როგორიც წინა წლებში. თუ იქნება შედეგები გაუმჯობესებული, ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გაგვახარებს.

–რომელი საკითხების შესრულება უფრო უადვილდებათ, ან უმარტივდებათ აბიტურიენტებს ისტორიაში?

–ყველაფერი, ალბათ, მაინც სკოლიდან იწყება. აბიტურიენტები მიჩვეულები არიან ისეთი ტიპის დავალებების შესრულებას, რომლებზეც ისინი მუშაობენ სკოლაში. სამწუხაროდ, სკოლებში დიდ ყურადღებას არ უთმობენ ვიზუალურ წყაროებზე და მათ შორის, რუკაზე მუშაობას. ამიტომ ეს ფორმა ურთულდებათ. ადამიანს რაც არ უმუშავია და არ იცის, ფსიქოლოგიური მომენტია, რომ იმის ეშინია. სინამდვილეში, ის რუკები რომლებიც ჩვენ ტესტში გვაქვს, უმარტივესია. იქ არის მთელი ინფორმაცია, რომელსაც წაკითხვა უნდა. მაგრამ თუ არ გაქვს მასთან მუშაობის გამოცდილება, რა თქმა უნდა, გაგიძნელდება.

მე ვიტყოდი, რომ მოსწავლეებს უადვილდებათ უფრო ფაქტობრივ მასალაზე პასუხის გაცემა. იმიტომ რომ სკოლაში ამას თხოვენ და ხშირად, სამწუხაროდ, აზეპირებეინებენ კიდეც. ხოლო სააზროვნო მასალა, ან ვიზუალური მასალა, რუკა ილუსტრაციები, ილუსტრაციებიდან მთავარი სათქმელის გამოტანა, უჭირთ, ვინაიდან ამაზე სკოლაში არ მუშაობენ. რა თქმა უნდა, ყველა სკოლაზე ვერ განვაზოგადებთ, მაგრამ ხშირად ასე ხდება.

სკოლის მასწავლებლებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ამუშაონ მოსწავლეები ვიზუალურ მასალაზე. მეტი არგუმენტირებული მსჯელობა, მეტი კრიტიკული აზროვნებაა საჭირო და არა ფაქტების დაზეპირება ისე, რომ მისი არსი არ ესმოდეს მოსწავლეს. ეს იქნება ჩემი რეკომენდაციები პედაგოგებისთვის და მომავალი აბიტურიენტებისთვის. ხოლო დღეს ვინც ჩააბარა ისტორიის გამოცდა მათ ვუსურვებ წარმატებებს და ვიმედოვნებ, რომ კარგი შედეგები ექნებათ.

–როდის დაიწყება გასწორების პროცესი და შედეგებს როდის უნდა ველოდოთ?

–გასწორება დაიწყება 3 დღეში. სავარაუდოდ, 5-დან 10 აგვისტომდე შედეგები უნდა იყოს.

ჯამში ისტორიის არჩევითი საგნის გამოცდაზე 12 ათასზე მეტი აპლიკანტი იყო  რეგისტრირებული, ადგილების რაოდენობა კი 11 264–ია.

ისტორიის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები რუკის სირთულეს უჩივიან

სად და როგორ შეიტყობენ 2017 წლის აბიტურიენტები პირველად და საბოლოო შედეგებს?

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური