GE

იტალიის ზოგიერთ ზონაში, კორონავირუსის გამო, სკოლები ერთი თვით დაიხურება

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ აღნიშნა, კორონავირუსის ე.წ. ბრიტანულ შტამს ახალგაზრდებზე ზემოქმედების განსაკუთრებული შესაძლებლობა აქვს, რის გამოც ეპიდემიით ყველაზე უფრო დაზარალებულ რეგიონებში 6 მარტიდან 6 აპრილამდე სკოლები დაიხურება.

„აღნიშნულმა გვაიძულა დაგვედგინა, რომ წითელ ზონებში ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა, ისევე როგორც იმ ადგილებში, სადაც ინფექციის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 100 ათასს მოსახლეზე 250 შემთხვევას აღემატება“, – განაცხადა რობერტო სპერანცამ.

მისივე თქმით, იტალიაში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ყველაზე გავრცელებული შტამია.

იტალია აგრძელებს საკუთარი რეგიონების კლასიფიკაციას ე.წ. ფერების (თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი) მიხედვით, რომლითაც განსაზღვრავს კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას სხვადასხვა ადგილას.

წყარო: imedinews.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური