GE

იუნისეფი: საქართველოში მშობლები ბავშვებისგან ქუჩური მენტალიტეტის გაზიარებას მოითხოვენ და აღზრდის ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავენ

10 დეკემბერს გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში მოზარდთა მშობლობის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა მეთოდებს იყენებენ მშობლები აღმზრდელობითი პროცესების დროს, ახდენს თუ არა გავლენას მაკრო და მიკრო სოციალური ფაქტორები მშობლების დინამიკაზე, ვის მიმართავენ მოზარდები და მათი მშობლები მხარდაჭერისთვის და როგორ უნდა გაძლიერდეს პროგრამები თუ პოლიტიკა ამ მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნებოდა მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისკენ, საქართველოში არ არსებობს. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა განაცხადა:

„მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში და საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შექმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები“, – ამბობს ხალილი.

თვისობრივი კვლევა 10-13 წლის და 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებთან და მათ მშობლებთან ჩატარდა, ჩართულნი იყვნენ კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებიც. კვლევაში საქართველოსთან ერთად 5 ქვეყანა მონაწილეობდა: ბულგარეთი, მოლდავეთი, რუმინეთი, მონტენეგრო და ბელორუსია.

კვლევის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა, რომლებზეც გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ ისაუბრა:

„კვლევის მიხედვით, მშობლები ზრუნვაში გულისხმობენ მატერიალურ კეთილდღეობას და ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ბავშვების ემოციურ და  ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ხშირად მოზარდები აღნიშნავენ, რომ პირად პრობლემებზე შინ არ საუბრობენ. ამბობენ, რომ მშობლები თანაგრძნობის ნაცვლად მათ დადანაშაულებას იწყებენ, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ მათ მშობლებთან მეგობრობის სურვილი აქვთ.

როდესაც მშობელსა და ბავშვს შორის მჭიდრო ემოციური კავშირია, ასეთ დროს ნაკლებია მისი გზიდან გადაცდენის შანსი. ეს დარღვეული ემოციური კავშირი კი უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. ერთ-ერთმა მოზარდმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ თინეიჯერების 98%-ს საკუთარი თავი ეზიზღება. დანარჩენ 2%-ს კი იმდენად ეზიზღება, შესაძლებელია საერთოდ აღარ უნდოდეს სიცოცხლე.

მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ სტილს და ზღუდავს მოზარდის თავისუფლებას. ცდილობენ, ბავშვები ისე მოიქცნენ, როგორც მათ სურთ.

ისინი ნაკლებად არიან ჩართულნი ისეთ საკითხებში, როგორიცაა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბავშვები ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტისა და ერთმანეთისგან იღებენ. გამოიკვეთა, რომ მოზარდები ამ საკითხში ავტორიტეტებად საკუთარ მშობლებს არ თვლიან.

კვლევამ აჩვენა, რომ მამები გაუცნობიერებლად ახდენენ ძალადობის წახალისებას. ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელია შვილმა, განსაკუთრებით ბიჭმა, ფიზიკური ძალადობით უპასუხოს დაჩაგვრას. ერთ-ერთი მოზარდის თქმით, მამამისი ბედნიერი იქნებოდა, თუ ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდებოდა. ასევე, ბავშვებთან საუბრისას ძალიან კარგად გამოიკვეთა, რომ მოზარდების მშობლები მიესალმებიან იმას, რომ ბავშვმა გაიაზროს ქუჩის აკადემია.  მათ სურთ, საჭიროების შემთხვევაში ბავშვებმა  არ დარეკონ პოლიციაში, არ დაასმინონ არავინ. მათი აზრით, ამ გზით მოზარდები უფრო მიღებულნი იქნებიან საზოგადოებაში.

ასევე, რეგიონებში გამოკითხულ მოზარდებთან საუბრიდან  ნათლად ჩანს, რომ განათლების მიცემის დროს მშობლები უპირატესობას ანიჭებენ ბიჭებს და არ ამახვილებენ ყურდღებას გოგონების სწავლაზე.

არაერთხელ აღინიშნებოდა, რომ ზოგჯერ ოჯახის ყველა წევრი სახლშია, მაგრამ ყველა მარტო გრძნობს თავს. აშკარაა, ინტერნეტში საკუთარი სოციალური გარემო არამხოლოდ ბავშვებმა, არამედ მშობლებმაც იპოვეს.

რაც შეეხება საკითხს, თუ ვის მიმართავენ მშობლები დახმარებისთვის. საზოგადოებაში სოციალური სტიგმისა და განკითხვის შიშით მშობლები აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ უზიარებენ ახლობლებს, ამიტომ ურჩევნიათ, რომ ფსიქოლოგს მიმართონ“, –  ამბობს ქურციკიძე.

კვლევის შედეგების პრეზენტაციას ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუაც ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ მშობლები ხშირად ფსიქოლოგებთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობენ. მან მშობლებსა და პედაგოგებს შორის კონფლიქტის არსებობასაც გაუსვა ხაზი:

„პრაქტიკოსები სამუშაო პროცესში ხშირად ვხედავთ, რომ მშობელი არ მოდის თანამშრომლობაზე, მათ აქვთ შიში იმისა, რომ მხარს არ დაუჭერენ, ამაზე პედაგოგებთანაც მისაუბრია. სამწუხაროდ, მასწავლებლები და მშობლები ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირებულ ორ მხარეს წარმოადგენენ, მაშინ, როდესაც ისინი უნდა იყვნენ გაერთიანებულნი ბავშვების საკეთილდღეოდ. როგორც კი მასწავლებელი რაიმე ცუდს იტყვის ბავშვებზე, მშობელს მაშინვე ერთვება დაცვითი ინსტიქტი“, – ამბობს ცირამუა.

თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემდეგი რეკომენდაციები შემუშავდა:

  1. შემუშავდეს პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ მოზარდებისა და მათი მშობლების სპეციფიკურ საჭიროებებს.
  2. გაძლიერდეს მოზარდთა მშობლობის გაფართოებული, მიზნობრივი მხარდაჭერის ადვოკატირება.
  3. გაძლიერდეს მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება მოზარდთა მშობლობა და რა საჭიროებები აქვთ მოზარდთა მშობლებს.
  4. გაძლიერდეს ინტერსექტორული და ჰორიზონტალური თანამშრომლობა მოზარდების მშობლების და თავად მოზარდების მხარდასაჭერად.
  5. გაძლიერდეს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების შესაძლებლობები მოზარდების პოზიტიური მშობლობის მხარდასაჭერად.
  6. პროგრამების დიზაინი, მონიტორინგი და შეფასება უნდა ასახავდეს მოზარდებსა და მათ მშობლებთან დაკავშირებულ სპეციფიკურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური