GE

კადეტთა ლიცეუმის ბაზაზე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენცია ,,საქართველოს თავდაცვის ძალების როლი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსში (NATO) გაწევრიანებისათვის” კადეტთა ლიცეუმის ბაზაზე ჩატარდა.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნა კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ. კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ, ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა იგორ კვესელავამ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.

აღნიშნულ კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა და აკადემიური პერსონალი, ასევე კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები, იუნკერები და კადეტები.

კონფერენციის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ, დისკუსიისა და განხილვის ფორმატში წარიმართა. დამსწრე საზოგადოების მხრიდან დასმული იქნა პრობლემური კითხვები. ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ შეაჯამა, რომელმაც ხაზი გაუსვა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას. დასასრულს მომხსენებლები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ და მათ სამეცნიერო ნაშრომთა კრებული გადაეცათ.

მსგავსი სახის კონფერენციები მონაწილეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, იმსჯელონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური