GE

კანადელმა პროფესორმა ფრედერიკ ლაბარემ კსუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

კანადელმა პროფესორმა ფრედერიკ ლაბარემ კსუ-ის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე „ასიმეტრიული ომის სტრატეგია 21-ე საუკუნეში“ ჩაატარა. პროფესორმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში მიმოიხილა ასიმეტრიული დაპირისპირების მაგალითები, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები. „ჩვენ ძირითადად გვასწავლიან, რომ ომი უნდა იყოს „სიმეტრიული“ იმიტომ, რომ უახლესი ისტორიის ძირითად კონფლიქტებში ჩართული იყვნენ დაახლოებით თანაბარი ზომისა და შესაძლებლობის მქონე არმიები. დღეს ჯგუფებსა და ინდივიდებს შეუძლიათ მოიპოვონ გარკვეული სახელმწიფოს ნიშა (მაგალითად: ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“), მათ კი ასიმეტრიული ძალის გამოყენებით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საერთაშორისო სისტემის ძირითად აქტორებზე“, – განაცხადა პროფესორმა ლაბარემ. მან ასევე სხვადასხვა მოწყვლადი ქვეყნის მაგალითზე ყურადღება გაამახვილა „რბილი ძალის“ გამოყენების შესაძლებლობაზე ასიმეტრიული საფრთხის არსებობის პირობებში.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. სტუდენტთა კითხვები აქტუალურ საერთაშორისო პროცესებსა და მასში ასიმეტრიული ძალის გამოყენების საკითხებს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ პროფესორი ფრედერიკ ლაბარე არის ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის კონსორციუმის სამხრეთ კავკასიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე პოლიტიკურ რეკომენდაციებს უმზადებს ნატოს გენერალურ მდივანს, ნატოს საერთაშორისო სამდივნოსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური