GE

„კანონი იცვლება მაგრამ პრობლემაა, რომ არასამუშაო საათებში პედაგოგები კვლავ შეიძლება იყვნენ ჩართულები საარჩევნო აგიტაციაში“

პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა მიმდინარეობს. ცვლილებების პროექტის თანახმად, ფართოვდება სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა წრე, რომლებსაც საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა აეკრძალებათ. მათ შორის იქნებიან სკოლების და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

თუმცა, საარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა მათ არასამუშაო საათებში და შვებულების პერიოდში აკრძალული არ ექნებათ, რაც კვლავ ზრდის რისკებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს, საარჩევნო პროცესებისთვის გამოიყენებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ 10 ივნისს, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ ცვლილებების პროექტი ვერ გამორიცხავს იმ შესაძლებლობას, რომ აგიტაციის პროცესში სკოლების და ბაღების პედაგოგების ჩართვა ისევ მოხდეს.

“ერთის მხრივ ძალიან კარგია ის, რომ გაფართოვდა წრე საჯარო მოსამსახურეების, რომლებიც დაექვემდებარებიან აკრძალვას და რეალურად, ამის შედეგად ისინი აღარ უნდა იყვნენ ჩართულები წინასაარჩვენო აგიტაციის პროცესში. განსაკუთრებით აღსანიშნავია პედაგოგები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები, რადგან ძირითადად ისინი იყვნენ ხოლმე ერთგვარ ზეწოლის ქვეშ. აქ პრობლემას მაინც ვხედავთ, რომ არასამუშაო საათებში, ან შვებულების დროს, ისინი კვლავ შეიძლება იყვნენ ჩართულები საარჩევნო პროცესებში, რაც სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს. ძალიან ხშირად გვსმენია, რომ მათ არც კი აქვთ ხოლმე ამის სურვილი, მაგრამ იძულების წესით არიან ჩართულები წინასაარჩევნო აგიტაციასა და კამპანიაში, იგივე შეხვედრებზე ორგანიზებულად დასწრების მხრივ და ა.შ. ძალიან ხშირად გვსმენია, რომ შეიძლება ერთდღიანი შვებულებები დაწერონ და მაინც დაესწრონ მსგავს შეხვედრებს“, – ამბობს ნინო დოლიძე.

მისივე თქმით, მიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების  თანამშრომლები კარგად გაეცნონ მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს და იცოდნენ, რომ საარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის იძულება, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო საათებში, დაუშვებელი და მიუღებელია.

„მნიშვნელოვანია კანონის სულისკვეთება სწორად იყოს აღქმული. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კანონპროექტი ამბობს, რომ ისინი არ უნდა იყვნენ ჩართულები ამ პროცესებში. თუმცა იგივე კანონი გამოხატვის თავისუფლებას ვერ შეზღუდავს, რომ დავუშვათ, საერთოდ აუკრძალოს მათ საარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა. კანონის სულისკვეთება სწორედ ის არის, რომ მასწავლებლები არ უნდა იყვნენ ჩართულები აგიტაციაში, მათ სულ სხვა დანიშნულება აქვთ და მათი მთავარი როლი საგანმანათლებლო საქმიანობაში მონაწილეობაა. პედაგოგს ვერავინ ვერ აუკრძალავს წინასაარჩევნო პროცესებში ჩაერთოს, მაგრამ აქ მთავარია მისი სურვილის საწინააღმდეგოდ არ ხდებოდეს და ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, რაც სამწუხარო პრაქტიკაა. ინდივიდუალურ ფორმატში, თუ მათ სურვილი აქვთ დაესწრონ რაღაც შეხვედრებს, გასაგებია, მაგრამ როდესაც ხდება მობილიზება და კანდიდატებთან  შეხვედრაზე იძულების წესით მიჰყავთ სკოლების და ბაღების თანამშრომლები, ეს არ უნდა ხდებოდეს. მათ კანონი აძლევს საშუალებას, რომ ეს სურვილის საწინააღმდეგოდ არ გააკეთონ, ჩვენ, „ სამართლიანი არჩევნები“,  საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ მათ იურიდიული დახმარება გავუწიოთ“, – ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი.

საქართველოში თვითმმართველობის მორიგი არჩევნები 2021 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ევროკავშირის წარმომადგენლების მედიაციით მიღებული დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ძალაში არჩევნების ჩატარებამდე უნდა შევიდეს.

პედაგოგები და საბავშვო ბაღის მასწავლებლები საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობისთვის 2000 ლარით დაჯარიმდებიან – პარლამენტის ინიციატივა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი