კანონით, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები 2021 წელს საჯარო სკოლებზეც უნდა გავრცელდეს, რა ხდება სინამდვილეში?
როცა საუბარი განათლების ხარისხს შეეხება, ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესში ჩართული უმაღლესი სასწავლებლების ზოგიერთი წარმომადგენელი თითს საჯარო სკოლებისკენ იშვერს და კითხულობს, სკოლებს როდის მიხედავენ, როდის დაიწყება ეს პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო სეგმენტში?
EDU.ARIS.GE-მ ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს თამარ სანიკიძეს:
„მუშაობა მიმდინარეობს. თავდაპირველად დავინტერესდით დარგის სპეციალისტთა შეხედულებებით არსებულ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე, ანუ ავტორიზაციის სტანდარტით, ზოგადი განათლების დონეზე. შედგა ჯგუფი, მასში ჩართულები არიან სამინისტროს წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები, დირექტორები, დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები. ჯგუფს მივეცით საერთაშორისო გამოცდილებაზე დამყარებული კონცეფცია, ჩარჩო და სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც ისინი ახდენენ არსებული სტანდარტების რევიზიას.“
როგორც თამარ სანიკიძე აღნიშნავს, ახალი სტანდარტის მონახაზი გაკეთებულია, თუმცა საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს, ამაზე საუბარი ნაადრევია.
„ერთი, რაც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს დოკუმენტი იქნება ბევრად დახვეწილი და უკეთესი წინამორბედზე. იქნება ბევრად გასაგები, ინდიკატორებით გამყარებული და აუცილებლად ექნება სახელმძღვანელო, რათა ინტერპრეტირებისთვის ნაკლები მიზეზი რჩებოდეს. ასევე, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ შეფასების პრინციპი იქნება ორიენტირება პროცესებისა და შედეგების შეფასებაზე, ნაცვლად რესურსების შეფასებისა“, – ამბობს სანიკიძე.
ამჟამად, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები მუშაობს მხოლოდ კერძო სექტორთან მიმართებაში, თუმცა კანონში არის დათქმა, რომ ეს მექანიზმები 2021 წლიდან უკვე საჯარო სექტორზეც უნდა გავრცელდეს. თუ კერძო სექტორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 400-მდეა, საჯარო სექტორში მათი ოდენობა 4-5-ჯერ მეტია.
„მიმდინარეობს მუშაობა სამინისტროსთან, რომ შევჯერდეთ ყველაზე სწორ და ეფექტურ გზაზე ამ პროცესებში საჯარო სექტორის შემოსაყვანად. ვთქვათ, ავტორიზაციის პერიოდი 5-6 წელი იყოს. თუ საფუძვლიან შეფასებაზეა საუბარი, ამ დროში ყველა სკოლას ვერ მოვიცავთ. 2012 წელს, ერთ წელიწადში უმაღლესების 1200 პროგრამა შეფასდა! ასე შეფასებული არ ივარგებს. დღეს საჯარო სკოლები ავტორიზაციის მიღმა მუშაობენ, ამიტომ ვსაუბრობთ, რომ მოდით, ავტორიზაციის სივრცეში შემოვიყვანოთ, მაშინ შევძლებთ დავიწყოთ მონიტორინგი, ვნახოთ ძირითადი ტენდენციები, მივცეთ რეკომენდაციები სამინისტროს. თუ ხარისხიანად გვინდა ამ საქმის შესრულება, ოპტიმალური მიდგომა მოსაძებნია“, – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
მოამზადა ნინო კაპანაძემ
- დამტკიცდა პროფესიული კოლეჯებისა და კოლეჯის დირექტორის ახალი სტანდარტი by ARIS.GE-განათლება
- როგორია მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების, გარიცხვისა და დონის დაძლევით ამორიცხვის უახლესი სტატისტიკა და სკოლის მიტოვების მიზეზები by ARIS.GE-განათლება
- ქართული ენა ციფრულ ეპოქაში – „მშობლების თაობას არ ესმის, რაზე საუბრობენ შვილები, მოძალებულია ბარბარიზმები!“ by განათლებული ბლოგი