GE

„კატასტროფაა, ვალს ვიღებთ და ვხარჯავთ იმაში, რაც არ ვიცით რა შედეგს მოგვიტანს!“ – ეკონომისტები განათლების დაფინანსებაზე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების სფეროს დაფინანსების მასშტაბურ ზრდას აანონსებს და ამბობს, რომ სექტორისთვის განკუთვნილი ხარჯები ყოველწლიურად 500 მილიონით გაიზრდება, რამდენიმე წელიწადში კი ის ქვეყნის მშპ-ის 6%-ს მიაღწევს.

დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფინანსების ზრდა ერთმნიშვნელოვნად კარგია და ის უშედეგოდ არ ჩაივლის, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ მისი განკარგვა სწორად და მიზან მიმრთულად უნდა მოხდეს.

პრემიერ-მინისტრის დაპირების თანახმად, 2020 წლისთვის განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება, 2021 წლისთვის 2 მლრდ-ნახევარი, ხოლო 2022 წლისთვის 3 მლრდ 400 მლნ ლარს გაუტოლდება. განათლების, მეცნიერების. კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი ფინანსები, არც 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვითაა მიზერული და ის დაახლოებით 1 მლრდ 600 მლნ ლარს შეადგენს.

საინტერესოა, რა შედეგები აქვს ახლა და მომავალში რა გავლენას მოახდენს განათლების სექტორში ინვესტიციების ჩადება საქართველოში ეკონომიკურ პროცესებზე და რას ფიქრობენ ამ საკითხზე ეკონომისტები. EDU.ARIS.GE-ს რამდენიმე მათგანი ესაუბრება.

ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ამბობს, რომ განათლებაში ინვესტიციები აქამდეც იდებოდა, თუმცა განათლების ხარისხი არ გაზრდილა, შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ინვესტიციების გაზრდა ფინანსების გაფლანგვა იქნება.

„ზოგადად ასეა, თუ განათლებაში ინვესტიციები იზრდება, განათლების დონე მატულობს. განათლების დონე როცა იზრდება, ეს ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და განვითარებას, თუმცა განათლებაში ინვესტიციების განხორციელება მექანიკურად, სულაც არ ნიშნავს განათლების დონის გაზრდას. იმის შედეგად რა ინვესტიციებიც დღეს ხორციელდება განათლების სფეროში ვხედავთ, რომ დადებითი შედეგი კი არ აქვს, პირიქით, საზოგადოებაში განათლების დონე მცირდება. სახელმწიფო ხარჯავს რაღაც მოცულობის სახსრებს, მაგალითად სკოლის პერიოდის განათლება უფასოა, წიგნები უფასოა, სტუდენტების ნაწილი სწავლობს უნივერსიტეტებში უფასოდ, სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული ტიპის კვლევებს. საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიციებია და ამას შედეგი არ აქვს, ანუ განათლების დონე არ უმჯობესდება, პირიქით – უარესდება, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ცუდი სურათი იდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო კი არ ზრდის განათლების დონეს, არამედ უბრალოდ საზოგადოებრივ რესურსებს ფლანგავს. ეს რესურსი რომ კერძო სექტორს გამოეყენებინა, მაშინ ეკონომიკური ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნებოდა იმიტომ, რომ უფრო მიზანმიმართულად მოხდებოდა ამ რესურსის გამოყენება “, – აცხადებს აკაკი ცომაია.

მისივე თქმით, განათლების სფეროში ინვესტიციების განხორციელებამდე, მნიშვნელოვანი კვლევები უნდა განხორციელდეს, რომ ფინანსების ზრდას კონკრეტული შედეგები ჰქონდეს.

„როდესაც, ვთქვათ სახელმწიფო ამ დაფინანსებას მშპ-ის 6% -მდე გაზრდის, თუ პროცესი ზუსტად იმავე ინერციით გაგრძელდა როგორც დღეს ხორციელდება, მაშინ უფრო დიდი მასშტაბის ფლანგვას და დიდ დანაკარგს მივიღებთ. როგორ უნდა ჩაიდოს ინვესტიცია განათლებაში? სწორედ ამაზეა საუბარი დასაწყები. უნდა გავარკვიოთ სისტემა როგორ ჩამოყალიბდეს, ასე არ უნდა დავიწყოთ, მით უფრო თუ ეს ინვესტირება დამატებითი ვალის აღების ხარჯზე მოხდება. კატასტროფაა, ვალს ვიღებთ და ვხარჯავთ იმაში, რაც არ ვიცით რა შედეგს მოგვიტანს. საჭიროა მსჯელობა საზოგადოებაში, თუ როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა, რომ განათლების დონე გაიზარდოს და უნდა ვიფიქროთ როგორი ფორმით უნდა განხორციელდეს ეს ინვესტიცია. არანაირი სტრატეგიული მიზნები და გეგმები არ არის შემუშავებული, არამცთუ ვთქვათ რაიმე ვალიდური კვლევა. მაშინ, როდესაც არანაირი გათვლები არ გვაქვს, არანაირი მსჯელობა ამაზე არ დაწყებულა, საზოგადოების ფართო ფენები და ექსპერტები ამ სფეროში არ ჩართულან. მინისტრი უბრალოდ მოინდომებს და ფულს დახარჯავს განათლებაში? მინისტრის კომპეტენციაში პირადად მე ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ის შეძლებს რაიმე შედეგების მოტანას ამ მიმართულებით“, – ამბობს აკაკი ცომაია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ფიქრობს, რომ პრემიერის გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ის შედეგს აუცილებლად მოიტანს.

„ზოგადად, განათლების სექტორში დაფინანსების ზრდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ბუნებრივია არის ძალიან სწორი და კარგი. ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს ეკონომიკაში არ გამოიწვევს, ეს იქნება წამახალისებელი განათლების სექტორისთვის. პრემიერ-მინისტრი მოვიდა პოლიტიკური დაპირებით, რომ სწორედ განათლების სექტორზე იქნებოდა გაკეთებული განსაკუთრებული აქცენტი და შესაბამისად, ეს არის დაპირების შესრულება. ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ემსახურება განათლების დაფინანსების გაზრდას, არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. განვითარებული ქვეყანა და განვითარებული ეკონომიკა დგას მხოლოდ განათლებულ ადამიანებზე, ამიტომ განათლება უნდა იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუ არ ჩავდეთ ინვესტიციები, გამორიცხულია, რომ საქართველოში იყოს განათლებული საზოგადოება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის განათლებაში ინვესტიციების განხორციელება, ამ სექტორში უფრო მეტი ფულის ჩადება, რომ შემდგომში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ისეთი საზოგადოება შეიქმნას, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და ზოგადად, საქართველოში ჩამოყალიბდეს განათლებული საზოგადოება. შესაბამისად, პრემიერის ინიციატივა ინვესტიციების გაზრდასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად სწორი გადაწყვეტილებაა“, – მიიჩნევს აფბა-ს ეკონომისტი.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური