GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოების კვლევები“

2021 წლის 2 თებერვალს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ ახალი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა.

პროგრამის აქტუალობის, მისანიჭებელი კვალიფიკაციის, სასწავლო მოდულებისა და აკადემიური პერსონალის შესახებ, გვესაუბრება კსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მარინა გედევანიშვილი:

– ქალბატონო მარინა, რამდენად აქტუალურია დღეს „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის შექმნა?

– თანამედროვე ეტაპზე უსაფრთხოებამ გლობალური ხასიათი მიიღო, რაც გამოწვეულია გლობალიზაციისა და ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებით. შესაბამისად, საფრთხეების და რისკების ეფექტი უკვე გლობალურ პოლიტიკურ დონეზე განიხილება, ამიტომაც გაჩნდა ახალი ტერმინი – „გლობალური უსაფრთხოება“ – უსაფრთხოების ისეთი მოდელი, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების მეშვეობით და დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებზე, რომელთა განხორციელება სახელმწიფოებს, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის აქტორებს, ავალდებულებს უფრო მეტად გაუფრთხილდნენ სუვერენიტეტს, ხოლო მისი უხეში დარღვევის შემთხვევაში, პასუხი აგონ.

აღსანიშნავია რომ დღეს მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა უსაფრთხოების კვლევების კვალიფიციურ სპეციალისტებზე როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამდენად, საქართველოში ამ კვალიფიკაციის აკადემიური და სამეცნიერო სფეროს სპეციალისტების მომზადების პრაქტიკული დანიშნულებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

– რა კვალიფიკაცია მიენიჭება პროგრამის კურსდამთავრებულს?

– პროგრამის კურსდამთავრებულს, პირველად, უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ისტორიაში უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის კვალიფიკაცია მიენიჭება.

– რამდენია პროგრამის ხანგრძლივობა და რა სასწავლო მოდულებს შეიცავს ის?

– სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია, მისი მოცულობა – 120 კრედიტი. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან სპეციალობის სავალდებულო, სპეციალობის არჩევით სასწავლო კურსებს, გაივლიან პრაქტიკას და შეასრულებენ სამაგისტრო ნაშრომს.

გარდა სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსებისა (უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების თეორია და პრაქტიკა, გლობალური პოლიტიკის პრობლემები, რეგიონული უსაფრთხოების კვლევები (შავი ზღვის აუზი, პოსტსაბჭოთა სივრცე), ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები), პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სამ სავალდებულო ბლოკს – სამხედრო უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება და საინფორმაციო უსაფრთხოება, რომელთა ფარგლებშიც შეისწავლიან ისეთ სასწავლო კურსებს, რომლებიც ავითარებენ აკადემიურ ცნობიერებას უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით, რაც აუცილებელია ამ სამი აქტუალური მიმართულების უკეთ შესასწავლად და გლობალური საფრთხეების სწორად აღსაქმელად. ეს სასწავლო კურსებია: ჰიბრიდული ომის თეორია და ანალიზი; სამხედრო სტრატეგია და გლობალიზაცია; ეკონომიკური უსაფრთხოების ანალიზი; საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია და ანალიტიკური მოდელები; კიბერუსაფრთხოება და კიბერთავდაცვა და ა.შ. სწორედ კონკრეტული მოდულის შესაბამისად აირჩევენ სტუდენტები ბოლო სემესტრში პრაქტიკის ობიექტსაც, საჯარო, კერძო ან სამეცნიერო-ანალიტიკური სექტორის ინსტიტუციებში.

რაც შეეხება სპეციალობის არჩევით სასწავლო კურსებს, ისინი სტუდენტს საშუალებას აძლევენ კიდევ უფრო ფართოდ გააცნობიეროს უსაფრთხოების კვლევების როლი და ადგილი სპეციფიკურ აკადემიურ სფეროებში. ამავე დროს, გაიაზროს მოცემული კონკრეტული საგნებიდან (მაგალითად, ტერორიზმი და კონტრ-ტერორიზმი, გეოპოლიტიკა და გეოეკონომიკა, სპეცსამსახურები და საერთაშორისო ურთიერთობები, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების და რისკების ანალიზი), რომელი უფრო მეტად მიესადაგება მისი, როგორც პროფესიონალ მკვლევრად ჩამოყალიბებას და ანალიტიკური უნარების ხელშეწყობას.

კვლევით ნაშრომს სტუდენტები პროგრამის დამამთავრებელ, IV სემესტრში დაწერენ და დაიცავენ სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე.

რაც შეეხება სასწავლო ლიტერატურას, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დღეისათვის არის ყველა სასწავლო კურსის შესაბამისი სავალდებულო ლიტერატურა და სასწავლო მასალები.

– რას იტყვით პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის შესახებ?

– აღსანიშნავია, რომ სამაგისტრო პროგრამაზე ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ქართველი პროფესორები, მეცნიერები და დარგის გამოცდილი ექსპერტები. რაც შეეხება უცხოელი ექსპერტების ჩართვას პროგრამის განხორციელებაში, არსებული პანდემიიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია მათი აქტიური ჩართულობა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ექსპერტები ჩვენს სტუდენტებს გლობალური უსაფრთხოების თემებზე სიახლეებს გაუზიარებენ და ჩაერთვებიან მათი სამაგისტრო თეზისის შერჩევაში. სამომავლოდ კი იგეგმება სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე, კომისიის წევრებად არა მხოლოდ პროგრამაში უკვე ჩართული, არამედ სხვა უცხოელი ექსპერტების მოწვევაც.

– აქვს თუ არა უნივერსიტეტს ამ პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა?

– პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას ხელს შეუწყობს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი:

  • კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია;
  • კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კვლევის ცენტრი;
  • ადამიანური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრი;
  • ნატოსა და ევროკავშირის კვლევების ცენტრი.

გარდა ამისა, უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული არაერთ სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელთა ბაზაზეც სტუდენტები III სემესტრში გაივლიან პროგრამით გათვალისწინებულ პრაქტიკას.

პროგრამის მნიშვნელობის, დასაქმების პოტენციალის, მიღების წინაპირობებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ, გვესაუბრება პროგრამის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ მაისაია:

– ბატონო ვახტანგ, დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, როგორ შეაფასებდით კსუ-ს ახალი სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობას?

– თანამედროვე მსოფლიოში გლობალური საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ისეთი სუბიექტისაგან, რომელიც საერთაშორისო აქტორს არ წარმოადგენს და საერთაშორისო სამართალი უძლურია რაიმე ფორმით აღკვეთოს მისი ქმედებები. მაგალითად, თუნდაც ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეფექტი, რომელიც ასიმეტრიული ხასიათის ტრენდ-ცენტრულ საფრთხეს წარმოადგენს და მისი იდენტიფიცირება ხორციელდება უსაფრთხოების კვლევების ფორმატში (ჯანდაცვის და ბიოლოგიური უსაფრთხოების სექტორები). ასეთი შემთხვევები განსაკუთრებულ მიდგომასა და ანალიზს მოითხოვს, მათი სრულფასოვანი კვლევა კი ახალი სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.

გარდა ამისა, ბოლო დროს გამოვლინდა ისეთ ანალიტიკოსებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, რომლებსაც შეეძლებათ არა მხოლოდ მსგავსი საფრთხეების დროული იდენტიფიცირება, პრევენცია და შედეგების ანალიტიკური დაგეგმვის მოდელირება, არამედ მათი სწორი პროგნოზირებაც.

ახალი სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია კანადის, არგენტინის, პოლონეთის, უკრაინის და ცენტრალური ევროპის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამისი სპეციალობის პროფესორებთან და დარგის გამოცდილ ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, რომლებიც ქართველ პროფესორებთან ერთად უშუალოდ იქნებიან ჩართულნი ამ პროგრამის განხორციელებაში.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პროგრამის არსებობა აუცილებლად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით, რეგიონში გადაიქცეს თავისებურ ჰაბად და მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო კადრების მომზადების ცენტრად.

– როგორია პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების პოტენციალი?

– რაც შეეხება დასაქმების პოტენციალს, ის საკმაოდ მაღალია, რადგან ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირები საქართველოში არსად მოიძებნება, ისევე როგორც მათი სერიოზული ნაკლებობაა დასაქმების საერთაშორისო ბაზარზეც. საქმე იმაშია, რომ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იღებენ აკადემიურ ცოდნას ისეთი ვიწრო, სპეციალიზირებული მიმართულებით, როგორიცაა – მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პოლიტიკა და რეჟიმი, ორმაგი ტექნოლოგიების უსაფრთხოების პრობლემა, ბიოლოგიური ასიმეტრიული საფრთხის თავიდან აცილება და ა.შ., რომლებიც თავისი არსით ძალიან რთულია და ნაკლებად ისწავლება საქართველოში, ამიტომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაბამისი ცოდნა ამ მიმართულებით და მათ მიმართ მოთხოვნა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე საკმაოდ მაღალი იქნება.

სპეციალური შეთავაზება პირველი ნაკადის სტუდენტებს!

„გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტები, რომლებიც 29 მარტამდე ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან პროგრამის დასრულებამდე (2 წელი). მათ სწავლას სრულად აფინანსებს „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში“ (Science and Technology Center in Ukraine).

სწავლის დაწყების თარიღი და მიღების წინაპირობები:

სწავლის დაწყების თარიღი: 29 მარტი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30

„გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერი მიმართულების/სპეციალობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

პროგრამაზე სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია:

  • მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;

ვინაიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან დონორობის პროგრამა დროშია გაწერილი, პირველი მიღება გამოცხადდა გაზაფხულის სემესტრში, რაც ამცირებს ქართველი სტუდენტების ჩარიცხვის შანსს პირველი მიღებისას, რადგან მათთვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება. მიმდინარე სემესტრში ველოდებით სრულად უცხოელი სტუდენტებით შევსებას ან ქართველი მსურველების, რომელთაც საბაკალავრო საფეხური გავლილი აქვთ უცხოეთში (საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესის მოთხოვნები).

შიდა გამოცდები: ინგლისურ ენაში (მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს ინგლისური ენის გამოცდას (B2 დონის დამადასტურებელი ტესტით) ან წარადგენს ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს – ALTE, TOEFL, IELTS, Cambridge Exam);
გამოცდა სპეციალობაში, ინგლისურ ენაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური