GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ესეებისა და ვიდეო კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა

18-19 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის – „რას ამბობს შავი ზღვა“ – ვიდეოკონკურსისა და ესეების კონკურსის ფინალური ეტაპი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, სადაც პროექტის საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა.

ღონისძიებას მოდერატორობას კსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი, მარინე უგულავა უწევდა, პროექტის მონაწილეებს კი მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და სამინისტროს განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორმა, თათია მთვარელიძემ.

პროექტის ვიდეოკონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს ქ. ბათუმის სკოლა „ევრო-2000-ის“ მოსწავლეებმა, ირინე დავლაძემ და დავით ხინთიბიძემ (თემა: „შავი ზღვის ტიტანიკის საბედისწერო რეისი“, ხელმძღვანელი: ხათუნა ხუნდაძე), მეორე ადგილი დაიკავა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნია ბოჭორიძემ (თემა: „შავი ზღვის მაშველები“, ხელმძღვანელი: მეგი ცხვარიაშვილი), ხოლო მესამე ადგილი ერგო ქ. რუსთავის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნინო ავქოფაშვილს (ხელმძღვანელი, ფატი ჩიჩილიძე).

კონკურსის კომისიის შემადგენლობაში იყვნენ კსუ-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, რუსუდან კვარაცხელია და მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, სულხან მელაძე.

ესსეების კონკურსის გამარჯვებული გახდა თბილისის 180-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ბექა აბულაძე (თემა: „შავი ზღვის ეკონომიკა და საქართველო“, ხელმძღვანელი: ნაირა ჯებირაშვილი), მეორე ადგილი დაიკავა ქ. ფოთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამარ ბებიამ (თემა: „უკან დაბრუნებული ზღვა“, ხელმძღვანელი: ნინო გაბუნია), მესამე ადგილი კი წილად ხვდა ონის საჯარო სკოლის მოსწავლეს, იესე მაისურაძეს (თემა: „შავი ზღვა, როგორც საქართველოს საგარეო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ვაჭრობის წარმოების ძირითადი არტერია“, ხელმძღვანელი: შორენა გაგნიძე).

კომისიის შემადგენლობაში იყვნენ კსუ-ს დოქტორანტები ეკატერინე ლომია, გიორგი ფარეშიშვილი და კსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, დავით ტაბატაძე.

საგანმანათლებლო კონკურსი „რას ამბობს შავი ზღვა“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021-ის“ ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ შავი ზღვის მნიშვნელობა როგორც საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ისე საგარეო ურთიერთობების ჭრილში, გაცნობოდნენ შავ ზღვასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებსა და შავი ზღვის თემის ინტერპრეტაციებს ქართულ მითოლოგიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

გამარჯვებულები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან ბიბლუსის 300, 200 და 100 ლარიანი ვაუჩერებითა და საუნივერსიტეტო ბრენდირებული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

იხილეთ ვიდეოკონკურსის გამარჯვებული ნაშრომი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური