GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა მოქალაქეებს უფასო კონსულტაციას გაუწევს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში მოქალაქეებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა აქვთ. იურიდიული კლინიკა არის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული კურსების ფარგლებში სტუდენტთა პრაქტიკული და პროფესიული უნარ-ჩვევების  გამომუშავებას უზრუნველყოფს. იურიდიული კლინიკის პროგრამა  საქმიანობას  შემდეგი  მიმართულებებით წარმართავს: საჯარო(ადმინისტრაციული) სამართლის მიმართულება; კერძო (სამოქალაქო) სამართლის მიმართულება; სისხლის სამართლის მიმართულება.

იურიდიული კლინიკის ფუნქციებისა და მუშაობის პრინციპების შესახებ  EDU.ARIS.GE -ს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი ვლადიმერ მაჭარაშვილი ესაუბრა.

-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არის შესაძლებლობა, რომ მოქალაქემ უფასო იურიდიული კონსულტაცია მიიღოს. როდის დაიწყო და რა მიზანი აქვს ამ პროექტს?

-კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იდეა გაჩნდა, რომ დაგვეფუძნებინა იურიდიული კლინიკა, მთავარი მიზანი იყო ჩვენი ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და მაგისტრატურის დამამთავრებელი სტუდენტებს მეტი პრაქტიკა მივცეთ, რომ შრომით ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები გავიდნენ. ჩვენ გვსურს რომ მათ თეორიის პარალელურად, წარმოდგენა ჰქონდეთ რა არის პრაქტიკული მუშაობა და რა დახვდებათ მათ როდესაც საქმიანობას შეუდგებიან. ჩვენი იურიდიული კლინიკის განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვმუშაობთ ცოცხალ და ნამდვილ საქმეებზე. მენტორებად გვყავს პრაქტიკოსი ადვოკატები. ერთ ერთი გახლავართ მე, სისხლის სამართლის მიმართულებით, მოქმედ ადვოკატებს ცხადია გვაქვს ჩვენი საქმეები, რომელშიც  ვრთავთ  ჩვენს სტუდენტებს, რა თქმა უნდა, ადვოკატთა ეთიკის კოდექსის პრინციპების დაცვით.  მაგალითად რამდენიმე დღეში სასამართლო პროცესი გვიწევს, ერთად წავალთ და ფაქტიურად ერთად ვაწარმოებთ საქმეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის. იურიდიული კლინიკა მიმდინარე წლის მარტის თვეში შეიქმნა და სტუდენტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.

-კონკრეტულად რა ტიპის მომსახურებაზეა გათვლილი იურიდიული კლინიკა?

-როდესაც გავაკეთეთ იურიდიული კლინიკა, ვფიქრობდით როგორ იმუშავებს და ვისზე უნდა იყოს გათვლილი? პირველ რიგში მოვიფიქრეთ ასეთი რამ: გვყავს ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი ევროპის თუ აზიის ქვეყნებიდან, ვთქვით რომ მოდი მივეხმაროთ, ბინადრობის პრობლემა აქვთ თუ სხვა საკითხები. შემდეგ გავზარდეთ არეალი და გადავწყვიტეთ, რომ ქართველ სტუდენტებს დავხმარებოდით სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგვარებაში. მოგვიანებით კიდევ უფრო გავფართოვდით და გადავწყვიტეთ მთლიანად საზოგადოებას გავუწიოთ კონსულტირება. ჩვენი უნივერსიტეტის ვიცე კანცლერის ქალბატონ ნინო ჩუბინიძის გადაწყვეტილება იყო ადვოკატირება (უფასო იურიდიული კონსულრაცია) სრულიად საქართველოს მასშტაბით და როდესაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მაშინვე დიდი ინტერესი გაჩნდა.

სადაა განთავსებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის  იურიდიული კლინიკა და როგორ შეუძლია დაინტერსებულ პირს დაუკავშირდეს?

-ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაგვიკავშირდეს, საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ჩაეწეროს კონსულტაციაზე და შეხვედრაზე მოვიდეს. მათ ესაუბრებიან სტუდენტები, რომლებსაც თვალს ადევნებს მენტორი, ამ მოქალაქეს სტუდენტები უწევენ იურიდიულ კონსულტაციას, ამზადებენ დოკუმენტებს და ამით თავადაც ბევრ რამეს სწავლობენ. იურიდიული კლინიკისთვის უნივერსიტეტში გამოყოფილია ფართი და არის შესაბამისად აღჭურვილი ოფისი, რომელიც გათვლილია კლიენტის და ადვოკატის ურთიერთობაზე. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დარეკოს, სასურველი მიმართულება აირჩიოს სისხლის სამართალი, ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართალი და ჩვენი სტუდენტები ამ პირს გაუწევენ სრულიად უსასყიდლოდ იურიდიულ კონსულტაციას. ჯერჯერობით საუბარი არ არის სასამართლოში წარმომადგენლობაზე და პირის დაცვაზე, მაგრამ სრულიად უსასყიდლოდ ხდება კონსულტაცია და მიმართულების მიცემა.

როგორ ხდება იურიდიული კლინიკის პროგრამაზე სტუდენტების მიღება?

-ეს არის პრაქტიკული კომპონენტი და სტუდენტისთვის სავალდებულოა, რომ კვალიფიკაცია მიიღოს.  პროგრამა სამ თვიანია, მოიცავს კვირაში არანაკლებ 6 საათს. პროგრამის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ადვოკატირების უნარ-ჩვევები საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენების უსასყიდლო კონსულტაციების გზით და ასევე  ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში უზრუნველყოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების შესაბამისი სასწავლო და საგანმანათლებლო სტანდარტების განმტკიცება. პირველი ნაკადი უკვე გვყავდა და დიდი კმაყოფილება და ინტერესი გამოიწვია. პრაქტიკა გვაქვს გაყოფილი ორად: ერთია იურიდიული კლინიკის მიერ მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა და მეორე, სასამართლო სხდომებზე გასვლა, ისევ ჩვენი პრაქტიკოსი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მთავარია, მათ დაინახონ როგორ ხდება საქმის წარმოება და შემდეგ უკვე ინტეგრაცია მოახდინონ თავიანთი თეორიული ცოდნის. ერთია თეორია და მეორეა პრაქტიკა, რომ ამ ადამიანებმა მომავალში დამოუკიდებლად მუშაობა შეძლონ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური