GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ღვინის წარმოება დაიწყო

ამბობენ, რომ ღვინო მზის ხსოვნაა, რომელიც ბოთლში ცხოვრობს… ამიტომაც დაიწყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე ღვინის წარმოება.

ჩვენს „ქართულ მზეს“, რომელიც „ბოთლში ცხოვრობს“, კომპანია „ეთნო ოკამი“ უძღვება…  „ეთნო ოკამი“ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრადიციების შერწყმით ნამდვილ ქართულ გემოს ქმნის. კომპანიას მეღვინეობის ინდუსტრიაში ჩამოყალიბებისა და შექმნის უნიკალური ისტორიაც აქვს. „ეთნო ოკამის“ დაფუძნების წინაპირობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ბაზაზე დამზადებული გამორჩეული ღვინოებია, რომელთა შექმნაშიც, პროფესურასთან ერთად, სტუდენტები აქტიურად მონაწილეობდნენ. ზოგადად, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი საინტერესო პრაქტიკული სწავლისა და სწავლების მეთოდებით გამოირჩევა.

ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა CIU-ში 2015 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ფუნქციონირებს. მისი მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ქართული ღვინის წარმოება, ვენახის გაშენებიდან ღვინის მარკეტინგამდე. ფაკულტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს სხვადასხვა კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი სასწავლო-კვლევითი აპარატურითა და დანადგარებით. სადეგუსტაციო კაბინეტი, სადაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა აკონტროლონ ღვინის ხარისხი და ეზიარონ ღვინის დეგუსტაციის ხელოვნებას. ასევე უნიკალური სასწავლო-კვლევითი ბაზა, რომელიც მოიცავს ქართული ქვევრებით აღჭურვილ მარანს, ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარ საკოლექციო ნაკვეთს 118-ზე მეტი ჯიშით.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გლობალური ღვინის ტურიზმის ორგანიზაციის წევრია. ორგანიზაციის წევრობა კსუ-ს შესაძლებლობას აძლევს იყოს მთავარი საერთაშორისო ღონისძიებების, გამოფენა-ბაზრობების, ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიის სექტორის ფორუმების მონაწილე. ორგანიზაციის აკადემია უშუალოდ არის ჩართული კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობისა და ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღეს მევენახეობა-მეღვინეობა ყველაზე მეტად განვითარებულ ფაზაშია შესული, რასაც კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა სიმრავლეც ადასტურებს.

დღეისათვის „ეთნო ოკამი“ ხუთი ძირითადი სახეობის პროდუქციას აწარმოებს: ხაშმის საფერავი, რქაწითელი კახეთიდან და ქართლის ჯიშები უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ვენახებიდან. ესენია: შავკაპიტო, თავკვერი, გორული მწვანისა და ჩინურის სეპაჟი.

,,ეთნო ოკამის“ დასახელებით უკვე გაჩნდა ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები. კომპანია მიზნად ისახავს აწაარმოოს ხარისხიანი ქართული ღვინო, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანას მოიცავს და რომელიც სამყაროს გააცნობს ნამდვილ „ქართულ მზეს“ – კავკასიის საერთასორისო უნივერსიტეტის ლოგოთი!

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური