GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტი-მენტორების ინსტიტუტი აამოქმედა

სტუდენტი-მენტორის სტატუსის მაძიებელ სტუდენტებს, პირველ ეტაპზე, ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა დაეკამყოფილებინათ, როგორიცაა: ინგლისურ ან/და სხვა უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი, კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, სოციალური ქსელების მართვის უნარი, გუნდურობა, კომუნიკაბელურობა. შერჩევის პროცესში, ასევე დიდი ყურადღება მიექცა სტუდენტების აკადემიური მოსწრების მაჩვენებელსაც.

კსუ-ის რექტორის – კახაბერ კორძაის თქმით, სტუდენტი – მენტორის ინსტიტუტი, მსოფლიო მასშტაბით მიღებულ და კარგად აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს. სტუდენტი-მენტორები, ახალბედა სტუდენტებს, სასწავლო-სამეცნიერო და სტუდენტურ ცხოვრებაში, დაუბრკოლებლად ჩართვაში ეხმარებიან.

პირველ ეტაპზე სტუდენტი – მენტორის კონკურსში კსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტისა და პროგრამის – 100-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. მეორე ეტაპზე 35 კომუნიკაბელური, ლიდერული თვისებების მქონე და შემოქმედებითი ახალგაზრდა გადავიდა, რომლებსაც 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, მარიამ გაგუასა და კესი კაციტაძის ხელმძღვანელობით, ინტენსიური მოსამზადებელი ტრენინგები, ჩაუტარდათ.
3 ივლისს, პროექტის შემაჯამებელი დღე გაიმართა, სადაც სტუდენტებმა გავლილ მასალაზე დაყრდნობით მომზადებული ტესტი წერეს და ჯგუფური პრეზენტაციები მოამზადეს.

სამუშაო დღის ბოლოს, პროექტის მონაწილე სტუდენტებს კსუ-ს ვიცე-კანცლერმა – ნინო ჩუბინიძემ მიმართა და აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა. ვიცე-კანცლერის თქმით, ეს პროექტი შედგა, რაც უდიდესი წარმატებაა როგორც თითოეული სტუდენტისათვის, ასევე უნივერსიტეტისთვის.

პროექტის დასასრულს, ვიცე-კანცლერმა თანატოლი მენტორების კონკურსში გამარჯვებული 32 სტუდენტისათვის, უახლოესი ტრენინგებიც დააანონსა, რომლებიც სექტემბრის თვეში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული კანდიდატები, სხვადასხვა წამახალისებელი ღონისძიებებით ისარგებლებენ და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლიან. ვადის ამოწურვის შემდეგ (ერთი სემესტრი, შესაძლებელია ვადის ერთ წლამდე გახანგრძლივება) მათ სტუდენტი – მენტორის პოზიციაზე სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური