GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია „მტევინოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია „მტევინოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი, რომელსაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და „მტევინოს“ წარმომადგენელმა ნიკა ზაუტაშვილმა მოაწერეს ხელი, ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობას მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გავლის მიმართულებით, რითაც ხელი შეეწყობა სტუდენტების კრეატიულ აზროვნებას, კონკრეტული სიტუაციების სიმულაციების შექმნას, სამუშაო სპეციფიკაში გარკვევას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დახმარებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ათვისებას. მემორანდუმის მიზნებისათვის ორგანიზაცია უზრუნველყოფს შემდეგი მომსახურეობის გაწევას: საწარმოო პრაქტიკის გასატარებლად საკუთარ საწარმოს ტერიტორიაზე მიიღებს უნივერსიტეტის მიერ სასწავლო პრაქტიკაზე გაგზავნილ სტუდენტებს; პრაქტიკანტებს დაუნიშნავს მენტორს და უზრუნველყოფს პრაქტიკის მაღალ დონეზე გატარებას უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული პრაქტიკის სილაბუსის შესაბამისად; პრაქტიკის დასრულების შემდეგ თითოეულ სტუდენტზე გასცემს ბეჭდით დამოწმებულ დასკვნა–დახასიათებას.

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს ინფორმაციებისა და გამოცდილებების გაცვლა-გაზიარებას; ერთობლივი კოლოქვიუმების, სემინარების, სამეცნიერო კონფერენციებისა და სტაჟირებებს სწავლების მეთოდების სრულყოფა-განვითარების პრობლემურ, აგრეთვე სხვა აქტუალურ საკითხებზე; თანამშრომლობას ევროპულ და მსოფლიო საგანმანათლებლო სტანდარტებზე ორიენტირებული ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების შემუშავებისა და მათი სასწავლო პროცესებში დანერგვისათვის; სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო, შემოქმედებითი და სხვა სახის შეხვედრებით წახალისებას და წარჩინებულ სტუდენტთა დასაქმებას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური